ადვოკატის თქმით, ევროსასამართლო მუხთარლის საქმეს დაჩქარებული წესით განიხილავს

თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს საქართველოს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ევროსასამართლომ პრიორიტეტი მიანიჭა და დაჩქარებული წესით განიხილავს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ბაქოში დაკავებული ჟურნალისტის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა განუცხადა:

“ძალიან იშვიათ შემთხვევაში ანიჭებს და კარგია, რომ ამ შემთხვევაში სასამართლომ საჭიროდ ჩათვალა, საქმეს პრიორიტეტი მიანიჭოს.  მიანიჭა საქმის აქტუალობიდან გმაომდინარე, ვინაიდან არაა ასე ხშირი, როდესაც ორი სახელმწიფო არაოფიციალურად თანამშრომლობს, ადამიანს იპარავენ და გადაჰყავთ მეორე სახელმწიფოში. ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა. იშვიათია, როდესაც  გატაცების საქმე ამდენი ხანი გამოუძიებელია და არ არის დადგენილი, ვინ ჩაიდინა დანაშაული, რა მიზნით ჩაიდინა. შესაბამისად, გმაოძიება არ მიმდინარეობს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ჩვეულებრივი კრიმინალური საქმე არ არის, რაც დაინახა ევროსასამართლომ და ჩვენი ვარაუდით სწორედ ამიტომ მიანიჭა პრიოდიტეტი” – ამბობს ადვოკატი.

ჩოფიკაშვილის თქმით, ზუსტი თარიღის დასახელება, თუ როდის განიხილავს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მუხთარლის საქმეს, შეუძლებელია, თუმცა მას ევროსასამართლო სხვა საქმეებთან შედარებით ადრე განიხილავს.

აზერბაიჯანელი აქტივისტი და ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი უკანასკნელად 29 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე ნახეს თბილისში. ის დაემშვიდობა თავის მეგობარს, ვისაც ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში შეხვდა, დაურეკა მეუღლეს და უთხრა, რომ მალე მივიდოდა სახლში. თუმცა ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს.

აფგან მუხთარლი ამჟამად აზერბაიჯანშია დაკავებული. ადვოკატი ელჩინ სადიგოვი აცხადებს, რომ მუხთარლი თბილისში ჯერ ქართულად მოსაუბრე ადამიანებმა დააკავეს, – “ის ეჭვობს, რომ ეს ადამიანები სახელმწიფოს ძალოვანი სტრუქტურებიდან იყვნენ. შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას თვალები აუხვიეს, ხელბორკილი დაადეს და სასტიკად სცემეს”.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი, “აფგან მუხთარლი 29 მაისს, 22:40 წუთზე, აზერბაიჯანის საზღვრის სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლებმა ბელაქანის რაიონის ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, რაც მან უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორია. მას აზერბაიჯანის სასამართლომ სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.