ახალი ამბები

გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს

14 თებერვალი, 2018 • 2126
გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს

გლდანის მე-8 ციხეში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს. შემთხვევა 10 თებერვალს მოხდა, მსჯავრდებული მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პატიმრის ადვოკატის თქმით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა თვითმკვლელობის ვერსია არადამაჯერებელია პატიმრის ადვოკატისა და ოჯახის წევრებისთვის.

როგორც მსჯავრდებულის  უფლებების დამცველი, არჩილ ჩოფიკაშვილი ამბობს, თვითმკვლელობის ვერსია არადამაჯერებელია, რადგან შემთხვევის ადგილზე ვერ იპოვეს იარაღი, რომლითაც პატიმარი დაზიანებებს მიიყენებდა. ადვოკატს ამბობს, რომ საჭიროა ჩატარდეს ეფექტიანი გამოძიება იმის შესახებ, თუ რამდენად იყო დაცული ამ პატიმრის მიმართ უსაფრთხოების ზომები.

ადვოკატი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს, რომ ყველა საჭირო ღონისძიება გაატაროს დაშავებულის სიცოცხლის გადასარჩენად. ადვოკატის თქმით, მსჯავრდებულის მდგომარეობა მძიმეა, მას ორივე თირკმელი გაეთიშა.

დაშავებულს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) ჰქონდა წაყენებული. ადვოკატის თქმით, ის სასჯელს უკვე 3-4 წელია იხდის.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა პროკურატურას გამოძიების დეტალების გასარკვევად, პროკურატურის კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი