ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის მოქალაქის საქმეზე პროკურატურამ მარნეულის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

26 ივნისი, 2019 • 1020
აზერბაიჯანის მოქალაქის საქმეზე პროკურატურამ მარნეულის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გაასაჩივრა მარნეულის სასამართლოს გადაწყვეტილება აზერბაიჯანის მოქალაქის, ავთანდილ მამედოვის გირაოთი გათავისუფლების შესახებ.

მამედოვის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის თქმით, თავად მამედოვმა სააპელაციო სასამართლოს უკვე მიმართა მისთვის გირაოს გარეშე გათავისუფლების საკითხზე.

19 ივნისს მარნეულის სასამართლომ აზერბაიჯანელ აქტივისტ ავთანდილ მამედოვს 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მამედოვი ამჟამად გათავისუფლებულია.

ავთანდილ მამედოვი 17 ივნისს დააკავეს. იგი ბოლო რამდენიმე თვეა ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობდა და თავშესაფარს ითხოვდა.

მამედოვი, როგორც საქართველოში მცხოვრები სხვა აზერბაიჯანელი აქტივისტები და უფლებადამცველები აცხადებენ, აზერბაიჯანში ხელისუფლების მიმართ კრიტიკისა და აქტივიზმის გამო ოჯახთან ერთად საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა და საქმიანობას საქართველოდან აგრძელებდა.

მამედოვი გაეროს ლტოლვილთა საკითხების უმაღლესი კომისრის ოფისს მიმართავს თხოვნით, უზრუნველყონ მისი და მისი ოჯახის სხვა ქვეყანაში გამგზავრება.

[red_box] შსს-ს პოზიციაt[/red_box]შსს-ს ცნობით, მამედოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ წითელი ცირკულარით იყო ძებნილი თაღლითობისთვის და შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 17 ივნისს ჩატარებული ღონისძიების შედეგად, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე დააკავეს.

2017 წელს ა.მ-მ საქართველოს შესაბამის კომპეტენტურ უწყებას საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა. ყველა შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ მოთხოვნაზე უარი ეთქვა საფუძვლების არარსებობის გამო. თავშესაფრის მაძიებელმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში და ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი.

შესაბამისად, პროცესის დასრულებამდე ა.მ. ითვლება საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავშესაფრის მაძიებელი პირი არ შეიძლება იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ან სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შევა”.

საქართველოს გამოძიების ინფორმაციით, რომელსაც უწყება ავრცელებს, 2017 წლის 17 მაისს აზერბაიჯანის ქალაქ ქუბის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ა.მ-ს მიერ ჩადენილ თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით. ა.მ-ს ბრალი ედებოდა აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 178.2.2.-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც არაერთგზის ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს. 2018 წლის 24 მაისს აზერბაიჯანის ქალაქ ქუბის რაიონული სასამართლოს განჩინებით, ა.მ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება სხვადასხვა ბრალდებით [მათ შორის ნარკოტიკების გავრცელების, თაღლითობის, გადასახადებისგან თავის არიდების და ა.შ.], განსხვავებული აზრის, კრიტიკისა და ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის. Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.

2017 წლის მაისში აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ სხვადასხვა ბრალდებით დევნილი თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გაუჩინარდა, რის შემდეგაც ის ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. ამ დრომდე საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუძიებია ჟურნალისტის გატაცების საქმე.

მასალების გადაბეჭდვის წესი