ახალი ამბებიკომენტარი

ხელისუფლება ხელს ვერ დაიბანს, ვალდებულია შეკრების თავისუფლება დაიცვას – გოგია პრაიდზე

18 ივნისი, 2019 • 2257
ხელისუფლება ხელს ვერ დაიბანს, ვალდებულია შეკრების თავისუფლება დაიცვას – გოგია პრაიდზე

ადამიანის უფლებებზე მომუშვე საერთაშორისო ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი გიორგი გოგია მიიჩნევს, რომ ქვიარ აქტივისტების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომელსაც შსს გვერდს ვერ აუვლის.

გოგიას თქმით, შეკრების თავისუფლება აბსოლუტური უფლება არაა და ის შეიძლება შეიზღუდოს, თუმცა ეს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში უნდა მოხდეს, უსაფრთხოების კუთხით რისკები კი კანონით დაშვებულ გამონაკლისებს შორის არაა:

“პოლიციის ვალდეუბლებაა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. რაც შეეხება გამოხატვის და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას, ეს მოგეხსენებათ არ არის აბსოლუტური უფლება. ის შეიძლება შეიზღუდოს, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა იყოს კანონით გათვალისწინებული. ჩვენი კანონი არ ითვალისწინებს ისეთ შეზღუდვას, როგორიცაა უსაფრთხოების გარანტიების არქონა. შესაბამისად, ასეთი სახის შეზღუდვას ისინი არც აწესებენ, ისინი რეკომენდაციას აძლევენ” – ამბობს გოგია “ნეტგაზეთთან საუბრისას”.

მისი თქმით, თუ ქვიარ აქტივისტების შეკრების უფლებას საფრთხე დაემუქრება, სახელმწიფომ ამ საფრთხის ადეკვატური ზომები უნდა მიიღოს და მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებები შეასრულოს:

“სახელმწიფო უნდა აცნობიერებდეს, რომ მას აქვს არამხოლოდ საერთაშორისო ვალდებულება, არამედ კონსტიტუციით, ასევე ანტიდისკრიმინაციული კანონით დაუშვებელია პირის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციის გამო. შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების შეზღუდვა არღვევს როგორც საქართველოს კონსტიტუციას ასევე ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას და საერთაშორისოდ აღებულ ვალდებულებებს.

შესაბამისად, ხელისუფლებას არ გამოუვა ხელის დაბანა სიტუაციიდან. ის ვალდებულია უზრუნველყოს ყველა პირის გამოხატვის თავისუფლება. შეკრების და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ ეს შეზღუდვა უნდა იყოს დემოკრატიულ სახელმწიფოში და მას უნდა ითვალისწინებდეს კანონმდებლობა. კანონმდებლობის ვერცერთ მუხლზე ვერ მიუთითებს ხელისუფლება, როცა ეუბნება, რომ მე ვერ ვახდენ თქვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ეს კანონში არ წერია, შესაბამისად ის ვალდებულია დაიცვას გამოხატვის და შეკრების თავისუფლება სრულად”, – ამბობს Human Rights Watch ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების ასოცირებული დირექტორი.

რაც შეეხება, ჰომოფობურად განწყობილი ჯგუფების წინააღმდეგობას, გოგია მიიჩნევს, რომ თუ ქვეყანაში რომელიმე ძალადობრივ ჯგუფს აქვს პრეტენზია იმაზე, რომ ძალის გამოყენებით ქვეყანაში ესა თუ ის საკითხი მოაგვაროს, ხელისუფლებამ ამის შესაძლებლობა არ უნდა მისცეს, რადგან ამით სახელმწიფოს უმთავრესი პრინციპი ილახება:

“ნებისმიერი ძალადობრივი ჯგუფის გამოსვლა იქნება პრობლემატური. თუ ვიღაც ძალადობრივად იწევს სხვაზე, ზღუდავს სხვის უფლებას სახელმწიფო ვალდეუბლია მოახდინოს ადეკვატური რეაგირება. ხელისუფლება ამისგან ხელს ვერ დაიბანს. სახელმწიფოს ძირითადი, ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი ტერიტორიების და ხალხის კონტროლის გარდა, არის ის, რომ მას აქვს სრული მონოპოლია პოლიციის ძალაზე, ძალის გამოყენებაზე.

ეს არის სახელმწიფოს არსი. თუ ვიღაც სხვა, არასახელმწიფო დაჯგუფება აპირებს ან იყენებს ძალას, ის პირდაპირ იჭრება სახელმწიფოს ფუნქციებში და ანგრევს მის საფუძვლებს.  ეს ფაქტობრივად, ძირეულად არღვევს სახელმწიფოს ძირითად ფუნქციას”, – ამბობს გოგია.


14 ივნისს, მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვან პრაიდის ჩატარება თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან ქვიარ აქტივისტები შეიკრიბნენ მშვიდობიან აქციაზე. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვდნენ, გამიჯვნოდნენ ძალადობასა და ძალადობისკენ მოწოდებას, როგორადაც ისინი საპატრიარქოს განცხადებას მიიჩნევდნენ.

კანცელარიასთან ჰომოფობიური კონტრაქციაც გაიმართა. ამ მხარის მყოფი ადამიანების ნაწილი აგრესიულად ეპყრობოდა ჟურნალისტებს, ემუქრებოდა მათ, პრაიდის ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიორგი თაბაგარს ესროლეს კვერცხი და ა.შ. მათი მხრიდან პოლიციამ 28 ადამიანი დააკავა. ქვიარ აქტივისტების მხარეს არავინ დაუკავებიათ.

აქციის შემდეგ, 16 ივნისს, ვერის ბაღში შეკრებილი ჰომოფობიური ჯგუფები, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ხელმძღვანელობით, იმუქრებოდნენ, რომ თბილისში პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებენ. ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე განაცხადა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ქმნის თვითორგანიზებულ ჯგუფებს – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში.

ვასაძემ თქვა, რომ კომბლებით იქნებიან შეიარაღებულნი და გაარღვევენ “ნებისმიერ კორდონს, რასაც პოლიცია დააყენებს”.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველას მიმართ ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება. უწყებამ გმაოძიებაც დაიწყო რის შემდეგაც, ვასაძემ განაცხადა, რომ პატრულირებას აუქმებს.

ამ მოვლენების ფონზე ქვიარ აქტივისტებსა და შსს-ის წარმომაგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ შსს-მ პრაიდის ორგანიზატორებს ღონისძიების გაუქმება შესთავაზა.

დღეს 18 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თბილისი პრაიდის ორგანიზატორები დაგეგმილი ღონისძიების გადადებას არ აპირებენ.

შსს-მ პრაიდის ჩატარებაზე აქტივისტებს უარი უთხრა – ლომჯარია

მასალების გადაბეჭდვის წესი