“თბილისი პრაიდი“ ჩატარდება. ამის შესახებ ორგანიზატორებმა განცხადება გაავრცელეს.
“მიუხედავად არსებული რისკებისა, საქართველოს ისტორიაში პირველი ღირსების მარში ძალაშია და ჩვენ არ ვაპირებთ მის გაუქმებას. საჯარო მსვლელობაში ჩვენთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ლგბტქი ადამიანების მხარდამჭერი ჯგუფები, ოჯახის წევრები, მეგობრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობები, ევროკავშირისა და ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების მოქალაქეები,” – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზატორები გავრცელებულ განცხადებაში ხაზ უსვამენ, რომ მათ არაფორმალური დაჯგუფებები საფრთხეს უქმნიან, თუმცა, ამის ფონზე სახელმწიფო უმოქმედოა.
“უკანასკნელი დღეების განმავლობაში, თბილისის პრაიდის გუნდი რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით. არაფორმალური ბანდ-ფორმირებები, რომლებიც თბილისის ქუჩებში აპირებდნენ პატრულირებას ჩვენი ფიზიკური ანგარიშწორებისათვის, საფრთხეს გვიქმნიან არა მხოლოდ ჩვენ და სხვა ლგბტქი ადამიანებს, არამედ ყველას, ვინც მოძალადე ჯგუფების მიერ “განსხვავებულად” აღიქმება.
ამ ფონზე კი, სახეზე გვაქვს სახელმწიფოს უმოქმედობა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი განცხადებები, რომლებიც ერთ სიბრტყეში გვაყენებენ მოძალადე ჯგუფებთან. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება და გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ქვეყანაში სიძულვილის აღმოფხვრისა და სისტემური რეფორმების გატარების სურვილზე მიუთითებს. ხელისუფლების ქმედებები სიძულვილის ჯგუფების წინააღმდეგ არასაკმარისი და არაეფექტურია. საფრთხეშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ინსტიტუციები.
სწორედ ამიტომ, ჩვენ გავდივართ! გავდივართ, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება დაიცვას ადამიანის უფლებები და შეასრულოს ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებები. გავდივართ, რათა კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანების წინაშე მდგარი გამოწვევები. გავდივართ, რადგან დღეს საფრთხეშია არა მარტო ლგბტქი ადამიანები და მათი უფლებები, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრიობა და დემოკრატიული წყობილება.
გუშინ 17 ივნისს, შს სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, თბილისის პრაიდის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კონსულტაციების შედეგად მიიღებენ.
სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით შეხვედრაზე შსს-ს წარმომადგენელმა აქტივისტებს უთხრეს, რომ უსაფრთხოების გარანტიებს ვერ მისცემდნენ. თუმცა, პრაიდის ჩატარების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ორგანიზატორებს უნდა მიეღოთ.
გარდა ამისა, ლომჯარიას განმარტებით, შსს-მ ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ ღია სივრცეში პრაიდის ჩატარების შემთხვევაში, უსაფრთხოების დაცვა ძალიან გაჭირდებოდა.