ახალი ამბები

მაღალხარისხიანი მედიკამენტები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს – ეკა ტიკარაძე

18 ივნისი, 2019 • 3413
მაღალხარისხიანი მედიკამენტები ხელმისაწვდომი უნდა გახდეს – ეკა ტიკარაძე

პრემიერმა დღეს 18 ივნისს ჯანდაცვის ახალი მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე წარადგინა. სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ტიკარაძემ განმარტა, რომ დღესდღეობით ჯანდაცვის სისტემაში გამოწვევები კვლავ არსებობს.

მისი თქმით, პრობლემები ძირითადად სოციალურ საკითხებს ეხება:

“ჩვენ დღეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანდაცვის რეფორმის პირველი ფაზა წარმატებით დასრულდა, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი გუნდისა და ბატონი დავითის [სერგეენკო] დამსახურებაა. ჩვენი შემდგომმი ეტაპი მეორე ფაზის განხორციელებაა, რომელიც გულისხმობს უფრო მეტად ეფექტურ და მიზნობრივ მართვას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის  პრიორიტერულად რჩება ჯანდაცვაში ისეთი საკითხები, როგორიცაა პაციენტის უფლებების დაცვა, მკურნალობის მაღალი ხარისხი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბაზრის იმგვარად მოწესრიგება, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს მაღალხარისხიანი მედიკამენტები. ასევე მთელი რიგი პრობლემები დაკავშირებული სოციალურ სფეროსთან – დევნილებთან და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით – ჩვენთვის კვლავ რჩება დიდ გამოწვევად. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არც ერთი საკითხი და არც ერთი პრობლემა არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა და პერსპექტივაში მივიღებთ რეგიონში ყველაზე წარმატებულ და ადამიანზე ორიენტირებულ სისტემას,“ – ამბობს ტიკარაძე.

დღეს, ახალი მინისტრის წარდგენისას მამუკა ბახტაძემ იმ საკითხებზე ისაუბრა, რა მიმართულებითაც ეკატერინე ტიკარაძეს მუშაობა მოუწევს.

“საქართველოში ჯერ კიდევ მაღალია მოქალაქეების მიერ ე. წ ჯიბიდან გადახდილი თანხები. განსაკუთრებით, როდესაც ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემა ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც კარგად გვაქვს გააზრებული. გვაქვს კონკრეტული ინიციატივა, თუ როგორ უნდა შევძლოთ ამ პრობლემის გადაჭრა.  ამისთვის ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სახსრები გავითვალისწინეთ 2019 წლის ბიუჯეტში და ვპირდები საზოგადოებას, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაიზრდება დაფინანსება,”-განაცხადა ბახტაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მმართველი არასამეწარმეო პირის “დოსტაქარის” დირექტორია. თავის დროზე ტიკარაძე, როგორც ახალი დირექტორი, კლინიკის თანამშრომლებს თავად ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წარუდგინა.

ტიკარაძე ამ პოსტზე დავით სერგეენკოს შეცვლის, რომელიც ბახტაძის მრჩევლად დაინიშნება.

ვრცლად:

ვინ არის ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე განიხილება?

მასალების გადაბეჭდვის წესი