ახალი ამბები

ვინ არის ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე განიხილება?

17 ივნისი, 2019 • 4463
ვინ არის ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე განიხილება?

მედიაში გავრცელებული, ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე დავით სერგეენკოს, სავარაუდოდ, ეკატერინე ტიკარაძე ჩაანაცვლებს.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს არც უარყვეს და არც დაადასტურეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ასეთი საკადრო ცვლილების თაობაზე.

ეკატერინე ტიკარაძე 2015 წლის სექტემბრიდან საჩხერის რაიონული საავადმყოფოს და მმართველი არასამეწარმეო პირის “დოსტაქარის” დირექტორია. თავის დროზე ტიკარაძე, როგორც ახალი დირექტორი, კლინიკის თანამშრომლებს თავად ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წარუდგინა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძე საჩხერის საავადმყოფოში 2009 წლიდან მუშაობდა, როგორც მოწვეული კონსულტანტი, მანამდე კი სწავლობდა და მუშაობდა გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში.

ეკატერინე ტიკარაძის Linkedin პროფილის მიხედვით, ის გერმანული Donau-Universität Krems-ის კურსდამთავრებულია.

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს ჯანდაცვის მინისტრის პოსტის დაკავებამდე, დავით სერგეენკოც [ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის მიერ დაფინანსებული] საჩხერის საავადმყოფოს დირექტორის პოსტს იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი