ახალი ამბები

ემზარ კვიციანი ამბობს, რომ ვასაძის სავარაუდოდ უკანონო „ლეგიონში“ ჩაეწერა

17 ივნისი, 2019 • 2420
ემზარ კვიციანი ამბობს, რომ ვასაძის სავარაუდოდ უკანონო „ლეგიონში“ ჩაეწერა

პარლამენტის წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“, ემზარ კვიციანი აცხადებს, რომ ლევან ვასაძის მოწოდების შემდეგ მისი „ლეგიონის“ სიაში ჩაეწერა: „არ ვიცი რომელ ათეულში მოვხვდები, მაგრამ ვიცი, რომ ეს მე გულწრფელად მინდა“, — დაწერა კვიციანმა ფეისბუკზე.

უკანონო ფორმირებების შექმნა/მასში გაწევრება სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 ივნისს ვასაძის მოწოდებების პასუხად განაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით.

კვიციანი ამბობს, რომ ამ მუხლის „არ ეშინია“ და ის „ქართველთა დასამონებლადაა შექმნილი“. მან ასევე დაწერა, რომ სურს, ვასაძის რაზმმა ფიცი დადოს.

„პარტია აქ არაფერ შუაშია“

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა „პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკურ მდივანს, გოჩა თევდორაძეს კითხვით, უერთდება თუ არა პარტია კვიციანსა და ვასაძეს. მან გვიპასუხა, რომ არ მაქვს ინფორმაცია კვიციანის ამ გადაწყვეტილებაზე, თუმცა თუ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო, მისი პიროვნული გადაწყვეტილებაა:

პარტია აქ არაფერ შუაში არ არის. ემზარ კვიციანი არის პიროვნება, რომელსაც აქვს თავისი პირადი გადაწყვეტილებები, სად, რომელ აქციაზე მივიდეს, რას შეუერთდეს ან არ შეუერთდეს და ეს არ ეხება იმ საკანონმდებლო საქმიანობას, რაშიც ის ჩართულია „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად“, — გვითხრა თევდორაძემ.

კითხვაზე, უჭერს თუ არა „პატრიოტთა ალიანსი“ ლევან ვასაძესა და მის ინიციატივებს, მან გვიპასუხა: „ჩვენ, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, ამ აქციის მონაწილეები არ ვყოფილვართ“.


ვასაძემ 16 ივნისს მუქარით თქვა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ შექმნის „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“ – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში. ახსენა „კომბლებიც“. იმავე საღამოს ვერის ბაღში შეკრებილმა ხალხმა დაიწყო ჩაწერა ვასაძის დაანონსებულ „რაზმებში“.

დააკლიკეთ, რათა ნახოთ, რას ითვალისწინებს სსკ-ის 223-ე მუხლი

1. უკანონო ფორმირების (ლაშქრის, გაერთიანების, რაზმის ან სხვა ჯგუფის) შექმნა ან ხელმძღვანელობა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან თორმეტ წლამდე.

2. უკანონო ფორმირებაში გაწევრება ან/და მონაწილეობა, ასეთი ფორმირების მიერ ორგანიზებული წვრთნის გავლა, ამგვარ ფორმირებაში გაწევრების, მონაწილეობის ან მისი საქმიანობის სხვაგვარი ხელშეწყობის მიზნით პირის გადაბირება, გაწვრთნა ან პირთა შეგროვება, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე.

3. უკანონო ფორმირებაში გაწევრებასთან ან/და მონაწილეობასთან დაკავშირებული საინფორმაციო მასალის ან/და სიმბოლიკის გავრცელება ან გამოყენება, თუ ეს ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

4. უკანონო ფორმირების დაფინანსება, ესე იგი ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ ისინი/იგი გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უკანონო ფორმირების საქმიანობისათვის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.

5. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე.

6. ამ მუხლის პირველი, მე-2, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისაკენ საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი