ახალი ამბები

ეს [გეი პრაიდი] არის ხელოვნურად თავს მოხვეული – ბახტაძე

17 ივნისი, 2019 • 1767
ეს [გეი პრაიდი] არის ხელოვნურად თავს მოხვეული – ბახტაძე

“ნუ ვქმნით პრობლემას იქ, სადაც ეს პრობლემა არ არის“ – ასე უპასუხა მამუკა ბახტაძემ დღეს ჟურნალისტს, რომელმაც მას ჰკითხა, არის თუ არა ლგბტ თემის უფლებები, მათ შორის შეკრებისა და მანიფსტაციის,  საქართველოში სრულფასოვნად დაცული.

პრემიერს ბრიფინგზე ჟურნალისტებმა კითხვები, გუშინ 16 ივნისს ლევან ვასაძის მუქარაზეც ჰკითხეს, რაზეც მან უპასუხა, რომ შსს-მ შესაბამისი მუხლით გამოძიება დაიწყო და ყველა იმ ქმედებაზე, რომელსაც დანაშაულის ნიშნები ექნება, სახელმწიფოს იგივე მიდგომები ექნება.

ამ განცხადების შემდეგ, ბახტაძე ასევე გამოეხმაურა “თბილისი პრაიდის“ მიერ 14 ივნისს დაგეგმილ აქციას, რომელიც ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ჩაშალეს. ბახტაძე ამბობს:

“მე მსურს გამოვეხმაურო იმ საკითხსაც, რასაც მოჰყვა ეს ვნებათაღელვა – საქართველოში ყველა მოქალაქის უფლება არის დაცული, ეს გარანტირებულია კონსტიტუციით, შესაბამისი კანონმდებლობით, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს ვალდებულება ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოებაზე. ბოლო დღეების განმავლობაში, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს ინსტიტუტები არიან მოწოდების სიმაღლეზე, მე განსაკუთრებული მადლობა მინდა პოლიციელებს გადავუხადო, ვინაიდან მათ შეძლეს ამ მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვას.

თუმცა, აქვე მინდა გითხრათ როგორც რიგითმა მოქალაქემ, ჩემი შთაბეჭდილება: მე ვფიქრობ, ეს საკითხი [პრაიდი] არის ხელოვნურად მოხვეული ქართულ საზოგადოებაზე და ემსახურება იმას, რომ საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი, საქართველოში დღეს არის პრობლემური, საქართველოს აქვს შესაბამისი კანონმდებლობა, უფლებები არის დაცული და პრობლემები რაც არის…

ჩემი აზრით, ხდება ამ პრობლემის გაზვიადება საქართველოში, თავზე მოხვევა საზოგადოებისთვის, ვინაიდან ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, სადაც ადამიანის უფლება არის დაცული და ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ. პრობლემები და გამოწვევები რაც არის საქართველოში, ეს არის ოკუპაცია და სიღარიბე და სჯობს მთელი საზოგადოება ვიყოთ ამ პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული“, – თქვა ბახტაძემ.

ამ განცხადების შემდეგ, ბახტაძეს ჟურნალისტი ჩაეკითხა – იყო თუ არა მისი აზრით, ჩაშლილი აქცია შეკრების უფლების რეალიზება, რაზეც ბახტაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლება უზრუნველყოფილია.

რაც შეეხება იმას, თუ ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს  დაძაბულობის შექმნა, ბახტაძე ამ კითხვაზე რუსეთს ასახელებს.

“ეს შეიძლება მხოლოდ იმ ძალების ინტერესებში შედიოდეს, რომლებსაც სურთ შემოიტანონ არეულობის განცდა  საზოგადოებაში. პირველ რიგში, ეს არის ქვეყანა რომელიც ახორციელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასებები არის იდენტური – ვინც სამართლებრივი ჩარჩოებიდან გავა, ის აგებს პასუხს კანონის წინაშე. ჩვენ ამის დემონსტრირება არაერთხელ გვიქნია და კიდევ გავაკეთებთ თუ საჭიროა. ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი და მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო, რომ მოეკიდოს ამ საკითხს განსაკთრებული პასუხისმგებლობით,“ – განაცხადა ბახტაძემ.

მისივ თქმით, იმას რომ ადამიანთა უფლებები საქართველოში დაცულია, ადასტურებს საერთაშორისო შეფასებები. ბახტაძის მტკიცებით, დღესდღეობით სტრასბურგში საქართველოდან 11-ჯერ ნაკლები სარჩელი შედის, სხვა ყველა სფეროში, მათ შორის, სიტყვის თავისუფლებასა და მედია პლურალიზმში, საქართველოს “უნიკალური წარმატება“ აქვს.

“მოდი ნუ შევქმნით იმ ადგილებში პრობლემას, სადაც პრობლემა ან არ არსებობს, ან არ არის იმ ხარისხით წარმოდგენილი, როგორც ზოგიერთი ადამიანი ცდილობს, რომ წარმოაჩინოს.

ყველაზე მეტად რაც ქართულ საზოგადოებას ობიექტურად აწუხებს ეს არის ორი რაღაც – სიღარიბე და ოკუპაცია,“- ამბობს ბახტაძე.


14 ივნისს, მას შემდეგ, რაც საპატრიარქომ ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვან პრაიდის ჩატარება თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან ქვიარ უფლებათა აქტივისტები შეიკრიბნენ მშვიდობიან აქციაზე. ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს სთხოვდნენ, გამიჯვნოდნენ ძალადობასა და ძალადობისკენ მოწოდებას, როგორადაც ისინი საპატრიარქოს განცხადებას მიიჩნევდნენ.

კანცელარიასთან ჰომოფობიური კონტრაქციაც გაიმართა. ამ მხარის მყოფი ადამიანების ნაწილი აგრესიულად ეპყრობოდა ჟურნალისტებს, ემუქრებოდა მათ, პრაიდის ერთ-ერთ ორგანიზატორს, გიორგი თაბაგარს ესროლეს კვერცხი და ა.შ. მათი მხრიდან პოლიციამ 28 ადამიანი დააკავა. ქვიარ აქტივისტების მხარეს არავინ დაუკავებიათ.

აქციის შემდეგ, 16 ივნისს, ვერის ბაღში შეკრებილი ჰომოფობიური ჯგუფები, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ხელმძღვანელობით, იმუქრებოდნენ, რომ თბილისში პრაიდის ჩატარებას არ დაუშვებენ. ლევან ვასაძემ ვერის ბაღში გამართულ შეკრებაზე განაცხადა, რომ თბილისის პრაიდისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ქმნის თვითორგანიზებულ ჯგუფებს – „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში.

ვასაძემ თქვა, რომ კომბლებით იქნებიან შეიარაღებულნი და გაარღვევენ “ნებისმიერ კორდონს, რასაც პოლიცია დააყენებს”.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ყველას მიმართ ვინც ხელს აღმართავს პოლიციელზე, სამინისტროს მხრიდან მკაცრი რეაგირება იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი