შსს-მ ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ კამპანია დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, უწყებამ ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ 18 დღიანი კამკპანია, “ნუ წაართმევ ბავშვობას” დაიწყო.

უწყების ცნობით, 2018 წელს, არასრულწლოვანთა ნაადრევ ქორწინებებთან დაკავშირებულ 180-მდე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. შსს-ში აცხადებენ, რომ უმეტესად, სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირება ხდება შეთხვევიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ, რაც ართულებს ეფექტიან და დროულ რეაგირებას:

„დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო კამპანია – „ნუ წაართმევ ბავშვობას“, რომელიც სიმბოლურად გაგრძელდება 18 დღის განმავლობაში. ამ კამპანიის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქორწინების იძულებასთან დაკავშირებით და იმ დანაშაულებთან დაკავშირებით, რომელიც, როგორც წესი, ქორწინების იძულებას თან სდევს ხოლმე. ეს გახლავთ, სექსუალური ძალადობა და ძირითადად, ოჯახში ძალადობა.

ამ დანაშაულის მსხვერპლები ძირითადად არასრულწლოვნები არიან. როგორც წესი დანაშაულს ოჯახის წევრები ჩადიან. მართალია, მომართვიანობის მაჩვენებელი, ბოლო პერიოდში გაიზარდა, თუმცა, ეს ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს. ამიტომ, ამ კამპანიით ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ საზოგადოებას, ყველას, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ტიპის ინფორმაციას ფლობს, რომ ამ ფაქტებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ შეატყობინონ პოლიციას.

დღეს ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ თითოეულ ასეთ შემთხვევაზე მოვახდინოთ ეფექტიანი და დროული რეაგირება და ფაქტიურად გადავარჩინოთ ეს არასრულწლოვნები. მივცეთ მათ საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის შესაძლებლობა და რაც მთავარია, არ წავართვათ განათლების უფლება” – თქვა მეზვრიშვილმა.

შს მინისტრის მოადგილის თქმით, 18 დღის განმავლობაში იქნება შეხვედრები მოსახლეობასთან, სკოლის მოსწავლეებთან, პედაგოგებთან. უწყებაში ამბობენ, რომ კამპანიაში ჩაერთვებიან განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები:

“ჩვენი მართლწესრიგის ოფიცრები კარდაკარ ივლიან, დაარიგებენ საინფორმაციო ბროშურებს და ბუკლეტებს და მიაწვდიან საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას, რომ ეს ქმედება დანაშაულია და აუცილებლად უნდა შეატყობინონ პოლიციას,“ – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.