პუტინის პატარა კომპრომისები დიდი პროტესტის ასარიდებლად – რა ხდება რუსეთში?

რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას პოლიციის იმ გენერლების გათავისუფლების შესახებ, რომლებიც ჟურნალისტ ივან გოლუნოვის საქმეში ფიგურირებენ. სოლიდარობის კამპანიისა და სამოქალაქო პროტესტის შემდეგ, რუსეთში დაკავებული ჟურნალისტის სამართლებრივი დევნა 11 ივნისს შეწყდა. გოლუნოვის საქმე პირველი შემთხვევა არაა ამ ბოლო დროს, როდესაც საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე რუსეთის ხელისუფლებას უკანდახევა უწევს.

მიმდინარე წლის მაისში, მას შემდეგ, რაც ათასობით ადამიანმა რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის სკვერში მართლმადიდებლური ტაძრის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია გამართა, ქალაქის მერმა მშენებლობის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

არხანგელსკის ოლქში აპრილიდან პროტესტი დაიწყო ნაგვის პოლიგონის მშენებლობის გამო. პოლიგონზე ნაგავი მოსკოვიდან უნდა ჩაიტანონ. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ ეს ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. მიმდინარე პროტესტის ფონზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ნაგავსაყრელის მშენებლობა 15 ივნისს შეჩერდება, მანამდე კი აუცილებელი საინჟინრო, გეოლოგიური და ეკოლოგიური კვლევები ჩატარდება. 

მსგავსი ტენდენცია შეიმჩნევა ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონშიც. 11 ივნისს ჩეჩნეთის ქალაქ შალის სასამართლომ გადაწყვიტა, პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლოს ადამიანის უფლებათა ვეტერანი აქტივისტი ოიუბ ტიტიევი, რომლის პატიმრობა დაკავებისთანავე ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მხრიდან პოლიტიკურად მოტივირებულად შეფასდა.

საერთაშორისო პოლიტიკის ქართველი ექსპერტები რუსეთში მიმდინარე პროცესების შეფასებისას აღნიშნავენ, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ფონის გაუარესებისა და პრეზიდენტ პუტინის რეიტინგის ვარდნის ფონზე, კრემლი უფრთხის მასობრივ პროტესტს. მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნულ პროცესებს საპროტესტო აქციების დაშლისა და მომიტინგეების დაკავებების გარეშე არ ჩაუვლია, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ რუსეთის არადემოკრატიული რეჟიმი გარკვეულ დათმობებზე მიდის და თუ კი, რით არის ეს განპირობებული?!

“რონდელის ფონდის” უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში ვალერი ჩეჩელაშვილი ხაზს უსვამს, რომ მოსახლეობა არ ერიდება არასანქცირებულ მიტინგებზე გამოსვლას, რაც განპირობებულია საზოგადოებაში დაგროვილი სიღრმისეული პრობლემებით – ეკონომიკური ვითარების გაუარესებით იმ ფონზე, როდესაც რუსეთის სტატისტიკური სამსახურის ინფორმაციით, 20 მილიონ ადამიანზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

“ყველა ბოლოდროინდელ პროტეტს აერთიანებს მისი არაპოლიტიკური ხასიათი, თუ არ ჩავთვლით ჟურნალისტის დაკავებას, რაც მეტ-ნაკლებად პოლიტიკური საკითხია, და ჩეჩნეთ-ინგუშეთის საზღვრის პრობლემას. ეს პროტესტი არის გამოვლინება უფრო სიღრმისეული პრობლემების, რომლებიც გროვდება რუსეთის საზოგადოებაში. რუსეთის ხელისუფლება ცოტა მოუმზადებელი აღმოჩნდა ასეთი განვითარებისთვის და თითქმის ყველა შემთხვევაში იხევს უკან, ჰგონია რა, რომ კონკრეტული ერთი პრობლემის გადაწყვეტით, სიტუაცია დარეგულირდება, რაც ვფიქრობ, არის შეცდომა. ხალხი მზადაა პროტესტისთვის და ამის გამოვლინებასთან გვაქვს საქმე”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” ჩეჩელაშვილმა.

ვალერი ჩეჩელაშვილი, ფოტო: GFSIS-ის ფეისბუქ-გვერდიდან

ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ როდესაც ხელისუფლება დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში, უფრო გაბედულად მოქმედებს, მოსკოვის ბოლოდროინდელ ქმედებებში კი ეს ნაკლებად შეინიშნება.

“შეიძლება ეს განპირობებული იყოს პუტინის რეიტინგის მკვეთრი ვარდნითაც. კრემლში ეშინიათ, რომ ცალკე აღებული სოციალური პროცესები შეიძლება გაერთიანდეს და უფრო ძლიერი ტალღა აგორდეს, რომელსაც უკვე მკვეთრად გამოხატული პოლიტიკური ხასიათი მიეცემა. ამ შიშის გამო ხელისუფლება მცირე დათმობებზე მიდის, თუმცა ეს პროტესტის ფუნდამენტურ საფუძვლებს  ვერ გაანეიტრალებს. მაგალითად, რუსეთში ასაკოვანი მოქალაქეები ძალიან უკმაყოფილონი არიან საპენსიო რეფორმით, ახალგაზრდები – ინტერნეტის შეზღუდვის კანონმდებლობით. მთავარი კი ისაა, რომ ცხოვრების დონე კლებულობს. ამ ვითარებაში რუსეთის მთავრობამ უფრო რადიკალურ ცვლილებებზე და საკუთარი პოლიტიკის რესტრუქტირებაზე უნდა იფიქროს, მაგრამ ამის არც პოლიტიკური და არც იდეოლოგიური მზაობა მოსკოვში არ არსებობს. ამიტომ მე ველოდები ამ მოვლენების კიდევ უფრო გამძაფრებას”, – ამბობს ჩეჩელაშვილი.

მისი თქმით, პუტინის ხელისუფლებისთვის პროტესტი მეტ-ნაკლებად მისაღებია, სანამ ის მკვეთრად გამოხატულ პოლიტიკურ ხასიათს შეიძენს და ხელისუფლებას დაემუქრება. ასეთ შემთხვევაში კი, ჩეჩელაშვილის თქმით, რუსეთის ხელისუფლება მკვეთრად რეპრესიულ გზას დაადგება.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ მოსკოვი არც ახლა ავლენს მის ჩვეულ პრაქტიკასთან შედარებით ლოიალურ დამოკიდებულებას ოპონენტების მიმართ. გაფრინდაშვილი ვარაუდობს, რომ ივან გოლუნოვის დაკავება არ იყო კრემლიდან ნებადართული და შესაძლოა,  ФСБ-ის რიგი კორუმპირებული ოფიცრების გადაწყვეტილებას წარმოადგენდა. პუტინმა კი, თავის ჩარევით, ერთი მხრივ, სამართლის გარანტად წარმოაჩინა თავი, მეორე მხრივ, ძალაუფლების დემონსტრაცია მოახდინა, თუ ვინ არის რეალური უფროსი.

“ფაქტია, რომ რუსეთში ადამიანის უფლებები ფეხქვეშ გათელილია, ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს კლავენ ისე, რომ არავინ არაფერს იძიებს, მაგრამ ეს ყველაფერი კრემლის სანქციით უნდა ხდებოდეს. ჩემი აზრით, გოლუნოვის საქმეში ასე არ იყო, რუსეთის ხელისუფლებაში კი ყოველთვის დგას საკითხი იმის თაობაზე, რამდენად ეფექტურად კონტროლდება არა მარტო თავისუფალი სიტყვა, მედია და პოლიტიკა, არამედ ხელისუფლების მთავარი საყრდენი ძალოვნებიც. აქ უკვე საქმეში პუტინი ერევა და გვევლინება, როგორც “უზენაესი მმართველი”, რომლისგანაც მოდის “სამართალი”. მეორე მხრივ, ადგილი აქვს ძალის დემონსტრირებას. ეს იყო გზავნილი საკუთარი “ეფესბეშნიკების” მიმართ, რომ უფრო ეფექტურად გააკონტროლებენ”, – ამბობს გაფრინდაშვილი.

ის, რომ არანაირ დათბობასთან საქმე არ გვაქვს, გაფრინდაშვილის თქმით, გოლუნოვის მხარდამჭერი აქციებისას გამოვლინდა, როცა დემონსტრანტები დააკავეს. ზოგადად კი, გაფრინდაშვილის შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში საპროტესტო მუხტი მზარდია და შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე პუტინსაც ამის ეშინია.  

ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას თან ერთვის გაუარესებული ეკონომიკური სიტუაცია და კიდევ უფრო გაზრდილი უსამართლობა ყოფით სიტუაციებში, არამხოლოდ სასამართლოში. ამ ფონზე პუტინის ძალაუფლებისთვის მთავარი საფრთხე სწორედ ქუჩის აქციებია. ამ საფრთხეს გრძნობს და ამით აიხსნება ხოლმე მის მიერ გადადგმული ნაბიჯები. პუტინი ცდილობს, რომ არ დაუშვას მთავარი – მასშტაბური საპროტესტი გამოსვლა. პირადად პუტინის რეიტინგიც დაცემულია. უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც რუსეთის შიგნით იმატებს პრობლემები, პუტინი, ერთი მხრივ, ცდილობს შიგნით ჩაახშოს ის, მეორე მხრივ კი, საგარეო ფრონტზე ყურადღების გადატანით გადაფაროს, როგორც ეს იყო საქართველოსა და უკრაინაში აგრესიის, თუ სირიაში ჩარევის შემთხვევაში. ამიტომ, ერთი წამით ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს, რომ რაც უფრო დაეცემა ვლადიმერ პუტინის რეიტინგი, ის კიდევ უფრო მზარდი საფრთხის წყარო გახდება არა მარტო ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის”, – უთხრა “ნეტგაზეთს” გაფრინდაშვილმა.

მიმდინარე წლის მაისში ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 31,7 %-მდე დაეცა, რუსეთის პრეზიდენტის პრესპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი სოციოლოგებისგან ამ ფაქტის ახსნა მოითხოვა. ამის შემდეგ რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელმა ცენტრმა ნდობის რეიტინგის გაზომვის მეთოდიკა შეცვალა.

ამავე თემაზე:

გოლუნოვის საქმე: პუტინმა ორი გენერალი გადააყენა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.