გოლუნოვის საქმე: პუტინმა ორი გენერალი გადააყენა

რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას პოლიციის იმ გენერლების გათავისუფლების შესახებ, რომლებიც ივან გოლუნოვის საქმეში ფიგურირებენ. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

ვლადიმერ პუტინის ბრძანების საფუძველზე, თანამდებობიდან გადაყენებულნი არიან მოსკოვის პოლიციის ნარკოტრეფიკინგთან ბრძოლის დირექტორატის ხელმძღვანელი და მოსკოვის ერთ-ერთი რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი.

ივან გოლუნოვის საქმე – მოკლედ

სოლიდარობის კამპანიისა და სამოქალაქო პროტესტის შემდეგ, რუსეთში დაკავებული ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა გუშინ, 11 ივნისს,  შეწყდა. რუსეთის შსს-ში ამბობენ, საქმეში საკმარისი მტკიცებულებები არ იყო.

Meduza წერს, რომ იმ პოლიციელებს, რომლებმაც გოლუნოვი დააკავეს, უფლებამოსილება შეუჩერეს და მათ წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო.

ივან გოლუნოვი, რომელიც “მედუზას“ საგამოძიებო ჟურნალისტია, მოსკოვში 6 ივნისს დააკავეს. მოგვიანებით, სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა.

გამოძიება დაკავებულს “დიდი ოდენობით” ნარკოტიკის გასაღებას ედავებოდა. გოლუნოვის ადვოკატის, დიმიტრი ჯულაის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავების შემდეგ ზურგჩანთიდან უცნობი ნივთიერების პაკეტი ამოუღეს.

გოლუნოვი ბრალდებებს უარყოფდა, მისი კოლეგები და მხარდამჭერები კი აღნიშნულს ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებდნენ.

ჟურნალისტის საქმეში ხარვეზები მალე გამიკვეთა: რუსეთის შსს-მ აღიარა, რომ მათ მიერ გავრცელებული ფოტოებიდან, რომლებიც გოლუნოვის ბინაში გადაღებულად გაასაღეს, არცერთი იყო გადაღებული ამ ადგილას, ერთის გარდა. რაც შეეხება ნარკოტიკების გასაღების ბრალდებას, პირველადმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ჟურნალისტისგან აღებულ ბიოლოგიურ ნიმუშებში ნარკოტიკების კვალი ვერ აღმოაჩინეს.

ივან გოლუნოვის დაკავებას მის მიმართ სოლიდარობის უპრეცენდენტო კამპანია მოჰყვა: პირველივე დღეს, ჟურნალისტის მხარდამჭერები შსს-ს შენობებთან საპროტესტო პლაკატებით რიგრიგობით დგებოდნენ და გოლუნოვის გაათავისუფლებას ითხოვდნენ. პროტესტის პირველ დღეს პოლიციამ რამდენიმე დემონსტრანტი დააკავა.

მოგვიანებით, რუსეთის რამდენიმე გაზეთმა გოლუნოვისადმი სოლიდარობის ნიშნად იდენტური თავფურცელი დაბეჭდა, წარწერით: “მე/ჩვენ ივან გოლუნოვი ვარ/ვართ”. მის მხარდასაჭერად მიმართვა არაერთმა ცნობილმა ადამიანმა ჩაწერა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან