ეს ნამუშევარი რეფლექსიაა ტრანსგენდერი ადამიანების პრობლემებზე – ლია უკლება

ტრანსგენდერი ქალი შარავანდედითა და ბავშვით – ლია უკლებას ამ ნამუშევარმა საზოგადოების გარკვეული ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, რომელიც კვლავ მიიჩნევს, რომ ნახატით შესაძლოა ხდებოდეს “რელიგიური გრძნობების” შეურაცხყოფა.

ლია უკლება ნეტგაზეთთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ეს ნამუშევარი რეფლექსიაა ტრანსგენდერი ადამიანების პრობლემებზე და მას შეიძლება რომელიმე ტრანსგენდერი ადამიანის სიზმარიც ვუწოდოთ – “ნებისმიერი ადამიანს, ვისაც დედობის სურვილი აქვს, უნდა გახდეს დედა”.

ტრანსგენდერი ადამიანები  გამორჩეულად დისკრიმინირებული ჯგუფია. ისინი ყოველდღიურად იბრძვიან ფიზიკურად გადარჩენისთვის, მათ ფიზიკურად უსწორდებიან, კლავენ და კვალის დაფარვის მიზნით სხეულს წვავენ. ასე გაუსწორდნენ საბის 2014 წელს. ეს ბოროტებაა. ვიღაცებმა თქვეს, რომ ნახატზე ქრისტეა პომადით. ეს მათი ინტერპრეტაციაა. თუ უნდათ, რომ ქრისტე მშობლის როლში წარმოიდგინონ, დაე, ასე ქნან, მე ამაში ვერ ჩავერევი”, – ამბობს ლია უკლება.

როგორ დაიწყო შეტევის მორიგი ტალღა მხატვარზე?

ნახატი ე.წ. ქართული მარშის ერთ-ერთმა წევრმა და ასავალ-დასავალის თანამშრომელმა ფეისბუკის თავის გვერდზე გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ეს ნამუშევარი ქუთაისელი მხატვრის “ტრანსგენდერი ქრისტეაო”.

“ამის შემდეგ სკანდალზე ორიენტირებული ონლაინ-მედიების ნაწილმა, ისე, რომ ამბავი ჩემთან არ გადაუმოწმებიათ, ეს სათაური ფაქტად გაასაღეს, ნებით თუ უნებლიეთ, ტყუილის ტირაჟირებას შეუწყვეს ხელი. ასე იქცა გუნდა ზვავად. ადამიანებმა ეს ინტერპრეტაცია ჭეშმარიტებად ისე მიიღეს, რომ საკუთარი თავისთვის არ უკითხავთ – იქნებ ტილოზე ქრისტე არ არის. იქნებ შარავანდედი დედასაც შეიძლება ჰქონდეს, დედას, რომელიც ყველაფერს აკეთებს შვილის კეთილდღეობისთვის. ლგბტ თემის წინააღმდეგ ენაში ერთი ციტატა დამკვიდრდა – სახლში,, რაც უნდათ, ის აკეთონ. შესაბამისად, როცა მათი პრობლემები დღის შუქზე გამოგვავს, იქნება ეს აქტივიზმის, თუ ხელოვნების გამოყენებით, აგრესიასაც უნდა ველოდოთ”, – ამბობს მხატვარი.

ლია უკლება მიიჩნევს, რომ ამ პროცესს ერთი პლუსი აქვს – ახლა ამ ნახატის შესახებ გაცილებით მეტმა ადამიანმა გაიგო.

მხატვრის თქმით, მის მიმართ აქამდეც ყოფილა და ახლაც გრძელდება აგრესიული მესიჯები, მუქარებით, წყევლითა და გინებით:

ისინი ამბობენ, რომ მე რწმენას, ღმერთს შეურაცხვყოფ. მე შეუძლებელი მგონია ღმერთს შეურაცხყოფა მიაყენო”.

ლია უკლება არ თვლის, რომ ეს ნამუშევრები დიდად ეპატაჟურია და მიიჩნევს, რომ ამბავს ამგვარად ფუთავს სხვადასხვა ჯგუფები და მედიის ნაწილი:

“სიმბოლოების აღების, გამოყენებისა და გადათამაშებს პრაქტიკა მთელ მსოფლიოში არსებობს, არაერთგზის გამოუყენებიათ ნებისმიერი სიმბოლო საკუთარი სათქმელის გამოსახატად. ამ ნახატთან ერთად ამბის გამძაფრებისთვის გაიხსენეს და გამოამზეურეს ჩემი ძველი ნამუშევარი, პოლიციელისა და მღვდლის ვალსი. არადა, ეს ნამუშევარი სეკულარიზმის პრობლემაზეა. იდეაში, სახელმწიფო და ეკლესია გამიჯნულები არიან და ურთიერთჩაურევლობის პრინციპით მუშაობენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ პრაქტიკაში ასე არ ხდება?!”

როგორც ლია უკლება ამბობს, მისი მიზანი არ არის ვინმეს შეურაცხყოფა, მით უფრო, რწმენის:

“როგორც გითხარით, ხელოვნებაში ამბის თხრობისას, იქნება ეს ტექსტი თუ ვიზუალი, ყველა სიმბოლოს გამოყენება შეიძლება, არ არსებობს აკრძალული თემები. შეიძლება ითქვას, რომ ვინც თავს იცენზურებს, თავს იმარხავს. კაცობრიობის განვითარების მანძილზე ღმერთის სახელით ადამიანებს ათასნაირი ბოროტება ჩაუდენიათ. მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ქრისტე სიკეთისა და სიყვარულისკენ მოგვიწოდებს და არა ბოროტებისკენ?”

მხატვრის მოკლე ბიოგრაფია

ლია უკლება ცხოვრობს და მუშაობს ქუთაისში. მისი ნამუშევრები ძირითადად ქალებისა და მშრომელების პრობლემებს ეხება. ფემინისტი მხატვარი რამდენიმე პესონალური გამოფენის ავტორია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ლია უკლებას ნახატები პერიოდულად იფინება სხვადასხვა ქალაქებში.

  • 2014 წელს ლია უკლებას გამოფენა ჰქონდა გერმანიაში, ბადენ-ბედენში.
  • 2015 წელს ლია უკლებას ქალთა უფლებების დაცვისთვის მხატვარ კატო მიქელაძის სახელობის პრემია გადაეცა.
  • 2017 წელს ლია უკლება მონაწილეობდა საერთაშორისო ფემინისტურ ფესტივალში, ტუნისში.

ლია უკლებას ნამუშევრები ამჟამად ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში, “არტისტერიუმის” ფარგლებშია გამოფენილი. გამოფენა 30 ივნისამდე გაგრძელდება.

მარცხნიდან მარჯვნივ – ნიკო ფიროსმანის “ქალი თარით” და ლია უკლებას “ქალი ბანანებით”. ნამუშევრები ქუთაისში, დავით კაკაბაძის სახელობის გალერიაშია გამოფენილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.