მერია ვაკის პარკის რეაბილიტაციას გეგმავს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერია ვაკის პარკისა და იქ არსებული შადრევნების რეაბილიტაციას აპირებს. უწყებამ წინასაპროექტო კვლევის, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე კონკურსი გამოაცხადა.

“კონკურსი ცხადდება იმისთვის, რომ მომზადდეს პროექტი, რომლის მიხედვითაც, შემდეგ პარკის რეაბილიტაცია განხორციელდება. იცით, რომ ვაკის პარკს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. შესაბამისად, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში ჩვენ უხეშ ჩარევებს ვერ განვახორციელებთ, თუმცა არსებული პარკი რომ უნდა მოწესრიგდეს, ამაზე ყველა ვთანხმდებით.

პარკი სრულად უნდა იყოს ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. რეაბილიტირებული სივრცე კი მიმზიდველი უნდა იყოს ყველა თაობის ადამიანისთვის. პარკის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყობა განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკები, დაირგვება ახალი ხე- მცენარეები. რეაბილიტირებული პარკით თითოეული ჩვენგანი იამაყებს. რაც შეეხება გათვალისწინებული მომსახურების ღირებულებას, ის 613 600 ლარს შეადგენს“, – თქვა კალაძემ.

გარდა ამისა, კალაძემ დღეს გამართულ სხდომაზე კონკურსი ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციაზეც გამოაცხადა. მისი თქმით, ვაკის პარკი კასკადის გარეშე წარმოუდგენელია.

“კონკურსის მოთხოვნებით უნდა გამოიცვალოს კასკადის დაზიანებული ქვის საფარი, აღდგეს კიბეები და მის გასწვრივ მოეწყოს მწვანე საფარი, მოაჯირები და ღამის განათება. ასევე, უნდა მოეწყოს კასკადის და შადრევნების მუსიკალური გახმოვანების სისტემა.

კასკადის ზედა წერტილში უნდა მოეწყოს გადმოსახედი მოედანი, ასევე, საფეხმავლო ბილიკი კუს ტბამდე. კასკადის მუშაობისთვის არსებული სატუმბო უნდა ჩანაცვლდეს სრულიად ახალი თანამედროვე სადგურით. პროექტის ღირებულება 320 ათასი ლარია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან