ახალი ამბები

შავგულიძე კახაძეს არ ულოცავს

9 ივნისი, 2019 • 2271
შავგულიძე კახაძეს არ ულოცავს

შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ის თვალს უსწორებს შედეგს, რომლის მიხედვითაც არჩევნებში ხელისუფლების კანდიდატმა ლადო კახაძემ გაიმარჯვა, თუმცა ოპონენტისთვის მილოცვას არ აპირებს. ამის შესახებ შავგულიძემ დღის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებამ არჩევნებში მიუღებელი მეთოდები გამოიყენა და შესაბამისად მისალოციც არაფერია.

მან მთაწმინდელ ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა. შავგულიძის თქმით, სამწუხაროდ დღეს ყველა ამომრჩევლის დარწმუნება ვერ შეძლო, რომ როდესაც ხელისუფლება არ მოსწონთ, მის შესაცვლელად პასიური პროტესტი საკმარისი არ არის და საჭიროა არჩევნებზე სიარული. მისი თქმით, პოზიციების შენარჩუნება ხელისუფლებამ დაბალი აქტივობის საფუძველზე შეძლო.

შავგულიძის თქმით, ხელისუფლებამ არჩევნებში დემოკრატიული პროცესისთვის მიუღებელი მეთოდები გამოიყენა, მათ შორის შავი პიარი მის წინააღმდეგ, რომელიც პირადად ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო. მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობდა მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობის გამოყენებას, მათ შორის პატიმართა ოჯახების, სოცდაუცველების და ა.შ. მიმართულებით. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესში ჩართულნი იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტის მქონე ადამიანები, ასევე იყენებდნენ ადმინისტრაციულ რესურსებს.

“თვალს ვუსწორებთ იმ ფაქტს, რომ ეს შედეგი დადგა და მოქმედებაში იქნება, მაგრამ ასაღიარებელი და მისალოცი არაფერია, რადგან მიუღებელი მეთოდებით ჩაატარა არჩევნები ხელისუფლებამ. ეს გამარჯვება არ არის”, – განაცხადა შავგულიძემ.

მისივე თქმით, თავისუფალი დემოკრატები და ევროპული საქართველის თანამშრომლობას გააგრძელებენ, ასევე გააძლიერებენ კოორდინაციას სხვა პროდასავლურ პარტიებთან და 2020 წელს ხელისუფლებას არჩევნებით დაამარცხებენ.

“მოვემზადებით მომავალი არჩევნებისთვის და არჩევნების გზით შევცვლით ივანიშვილის ხელისუფლებას”, – თქვა შავგულიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი