დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება

დღეს, 9 ივნისს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბანები მოსკოვში და სოხუმშიც არის გახსნილი.

არჩევნებში რამდენიმე პოლიტიკური პარტია: “ერთიანი ოსეთი”, “ხალხის ერთიანობა”, “ნიხასი”, “ერთიანობა, “სახალხო პარტია”, “ფადიბასტე” და “კომუნისტური პარტია” მონაწილეობს.

დე ფაქტო პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა 7%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. 17 ერთმანდატიან ოლქში კი კანდიდატი მხოლოდ ხმების უმრავლესობით გადის. იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატებმა ერთნაირი რაოდენობის ხმა მიიღეს, ის იმარჯვებს, რომელიც პირველი დარეგისტრირდა.

ოფიციალური მონაცემებით, საარჩევნო სიებში დაახლოებით 31 ათასი ამომრჩეველია.

ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში, ისევე როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს.

დე ფაქტო რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერმა მაია კოჟიანჩიჩმა 7 ივნისს ბრიუსელში განაცხადა:

„ევროკავშირი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ 9 ივნისს საქართველოს თვითაღიარებულ რეგიონში, სამხრეთ ოსეთში ტარდება ე.წ. არჩევნები, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ეს ე.წ.არჩევნები უნდა ჩატარდეს”.

ცხინვალის გადაწყვეტილებით, დღევანდელი “არჩევნებისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების გამო საქართველოსთან სახელმწიფო საზღვარი 11 ივნისამდე ჩაიკეტა”.

ახალგორი, ფოტო: თამარ მეარაყიშვილი; ივნისი, 2019

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი