რა წერია ბრიტანეთის ანგარიშში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე

დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2018 წლის ანგარიშში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზეცაა ყურადღება გამახვილებული.

დოკუმენტში საქართველოზე ცალკე თავი არაა გამოყოფილი, თუმცა რუსეთზე საუბრისას ანგარიშის ავტორები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე რუსეთის გავლენასა და ეთნიკური ქართველების მიმართ ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე საუბრობენ.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტორში აცხადებენ, ამით ბრიტანული მხარე რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას, პასუხისმგებლობას აკისრებს ადგილზე ეთნიკური ქართველების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, ე.წ. გამშვები პუნქტების უმეტესობის დახურვაზე, ასევე, განათლების, ჯანდაცვისა და საკუთრების უფლებების შეზღუდვაზე.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია 2018 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის 10 წლისთავი და ხაზგასმულია დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეასა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ინიცირებული რეზოლუციების მიმართ:

„2018 წელს აღინიშნა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ათი წლისთავი. რუსეთის გავლენა საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში კვლავაც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დარღვევას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაშინებას. კვლავ გრძელდება გადასასვლელი პუნქტების უმეტესობის დახურვა, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების აღმართვა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. კვლავ გამოწვევად რჩება მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, ჯანდაცვისა და საკუთრებაზე ხელმისაწვდომობა. ამავდროულად, არსებობს მონაცემები აფხაზეთის რეგიონში ეთნიკური ქართველების მიმართ დოკუმენტების მოპოვებასთან დაკავშირებით დისკრიმინაციის ფაქტების თაობაზე. გაერთიანებული სამეფო გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეასა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ინიცირებული რეზოლუციების მიმართ“.

ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის ოფიციალური პრეზენტაცია თანამეგობრობისა და გაეროს საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ლორდ აჰმად უიმბლდონის მიერ 6 ივნისს ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისში, გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ანგარიშში პირველად 2016 წელს მოხვდა, გაერთიანებულ სამეფოს საგარეო უწყებასთან და პარლამენტთან საქართველოს საელჩოს აქტიური თანამშრომლობისა და ძალისხმევის შედეგად.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.