ახალი ამბები

საია პარლამენტს მოუწოდებს, სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატს მხარი არ დაუჭიროს

7 ივნისი, 2019 •
საია პარლამენტს მოუწოდებს, სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატს მხარი არ დაუჭიროს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის შეფასებით, სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატები დარღვევით შეარჩიეს.

სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ინსპექტორობის ორი კანდიდატი – ვალერი ლომუაშვილი და ლონდა თოლორია – წარუდგინა. საიას მიაჩნია, რომ ინსპექტორობის კანდიდატების შერჩევის დროს კომისიამ დებულებით განსაზღვრული წესი დაარღვია. კერძოდ, კომისიის დებულება განსაზღვრავდა კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას, მათ შორის, სამოტივაციო წერილის წარმოდგენის ვალდებულებას. ამასთან, სამოტივაციო წერილში ასახული უნდა ყოფილიყო კანდიდატის ხედვა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების, გასატარებელი ღონისძიებების, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის განვითარებისა და ეფექტიანობის ამაღლების შესახებ. შესაბამისად, სულხან სალაძის თქმით, კომისიას გასაუბრების ეტაპზე მხოლოდ ის კანდიდატი/კანდიდატები უნდა გადაეყვანა, ვინც სრულად აკმაყოფილებდა დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მათ შორის სამოტივაციო წერილის ნაწილში.

“კონკურსში მონაწილეობის სურვილი თავდაპირველ  ეტაპზე 48 პირმა გამოხატა, კომისიის დებულების შესაბამისად მომზადებული  სამოტივაციო წერილი კი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა – ლონდა თოლორაიამ წარმოადგინა. თუმცა, კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დებულების მოთხოვნების საწინააღმდეგოდ,  კონკურსის შემდეგ ეტაპზე, გასაუბრებაზე მოწვეული იყო არა ერთი, არამედ 7 კანდიდატი (გასაუბრებაზე 5 გამოცხადდა). მიუხედავად იმისა, რომ კომისიის ორმა წევრმა კომისიას არაერთხელ ვთხოვეთ დებულების დაცვა, კომისიის უმრავლესობის გადაწყვეტილებით დებულება მაინც დაირღვა და კომისიამ, ერთის ნაცვლად, გასაუბრება 5 პირთან ჩაატარა”, – განაცხადა სალაძემ.

სულხან სალაძემ პროტესტის ნიშნად გასაუბრების პროცესში მონაწილეობა არ მიიღო. საია-ს მიაჩნია, რომ კომისიის მიერ უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილება, გასაუბრების ეტაპზე მოეწვია არა ერთი კანდიდატი, არამედ სხვა კანდიდატებიც, ვისი სამოტივაციო წერილებიც დებულებით განსაზღვრული წესის დარღვევით იქნა წარმოდგენილი, აჩენს ეჭვს, რომ კომისია გასაუბრებას ფორმალურად მიუდგა. სალაძის შეფასებით, აღნიშნულ ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კომისია დებულების შესაბამისად იმოქმედებდა და გასაუბრებაზე მხოლოდ ერთ კანდიდატს დაიბარებდა, საჭირო გახდებოდა ხელახალი კონკურსის ჩატარება, რადგან კანონის თანახმად, კომისიამ პრემიერ-მინისტრის არანაკლებ 2 კანდიდატი უნდა წარუდგინოს.

სულხან სალაძე მიიჩნევს, რომ სავარაუდოდ, სწორედ ხელახალი კონკურსის ჩატარების თავიდან აცილების მიზნით იყვნენ მოწვეული გასაუბრებაზე დანარჩენი კანდიდატები, საიდანაც საბოლოოდ ორი კანდიდატი წარედგინა პრემიერ-მინისტრს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულების დარღვევით გამოვლენილ რომელიმე კანდიდატს.

ამავე თემაზე:

კომისიამ პრემიერს სახელმწიფო ინსპექტორის პოსტზე 2 კანდიდატურა წარუდგინა

მასალების გადაბეჭდვის წესი