ახალი ამბებისამართალი

ჩაწყობილ მატჩებში ბრალდებულებს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალათ

6 ივნისი, 2019 • 3327
ჩაწყობილ მატჩებში ბრალდებულებს საფეხბურთო საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალათ

ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, მატჩის შედეგსა და მსვლელობაზე მანიპულირებაში ბრალდებულ “ვიტ ჯორჯიას” ხუთივე მოთამაშეს, გიორგი გეთიაშვილს, ჯონი შეროზიას, ნიკოლოზ მაისურაძეს, ნოდარ კიკნაველიძესა და პაატა ღუდუშაურს სანქციით სამუდამოდ აეკრძალათ საფეხბურთო საქმიანობა, ხოლო თავად კლუბს დააკლდა 6 ქულა და დაჯარიმდა 50 ათასი ლარით.

ჩაწყობილი მატჩების სკანდალთან დაკავშირებით კომიტეტმა ასევე იმსჯელა ლანჩხუთის “გურიის” ორი მოთამაშის (რობერტ იმერლიშვილისა და ირაკლი ბაჯელიძის) საკითხზე, ისევე როგორც, “ჭიათურის” მოთამაშის (ირაკლი ხუჭუას) საკითხზე და დაადგინა – საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, დროებით აეკრძალოთ საფეხბურთო მატჩებში მონაწილეობა.

 

კომიტეტმა კიდევ 4 საკითხზე იმსჯელა - დააკლიკეთ

ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატში ჩხოროწყუს “სამეგრელოსა” და ხობის “კოლხეთის” მატჩის დასრულებისას მომხდარი ინციდენტის გამო ორივე კლუბი დაჯარიმდა 200-200 ლარით. ხობის “კოლხეთის” ფეხბურთელი ლანა ჯიქია და ჩხოროწყუს “სამეგრელოს” წევრი ანა გაბედავა დისკვალიფიცირებულნი არიან სამ-სამი მატჩით.

მე-15 ტურში ბოლნისის “სიონსა” და “რუსთავს” შორის მომხდარი ინციდენტის დროს გაძევებული ოთხი ფეხბურთელი – დავით თარგამაძე, ვილი ისიანი, ლუკა გადრანი და ლაშა ქოჩლაძე ოთხ-ოთხ მატჩს გამოტოვებენ და თითოეული ჯარიმის სახით 1000 ლარს გადაიხდის, ისევე როგორც, ინციდენტის კიდევ ერთი მონაწილე ლევან ხმალაძე, რომელიც ასევე ოთხ მატჩში ვერ დაეხმარება “სიონს”.

თბილისის ელიტლიგის გათამაშების 13-წლამდე ლიგაში “საბურთალოსა” და “ავაზას” მატჩის შემდეგ გულშემატკივართა მხრიდან მსაჯზე ფიზიკური თავდასხმის გამო საფეხბურთო სკოლა “ავაზა” დაჯარიმდა 1000 ლარით და ერთწლიანი პირობითი სასჯელით. გარდა ამისა, “ავაზას” გუნდი მომდევნო სამ შეხვედრას მაყურებლის გარეშე ჩაატარებს.

ლიგა 4-ის მონაწილე სენაკის „ეგრისისა“ და ჩხოროწყუს „სამეგრელოს“ მატჩის შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო “სამეგრელო” დაჯარიმდა 250 ლარით, ხოლო ჩხოროწყუელთა მთავარი მწვრთნელის ასისტენტს თორნიკე გაგუას 250-ლარიან ჯარიმასთან ერთად სამმატჩიანი დისკვალიფიკაციაც დაეკისრა.

 

ფეხბურთის ფედერაციაში სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა 4 ივნისს შედგა, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში გაიმართა და რამდენიმე საათს გაგრძელდა.


ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელმა, გიორგი გეთიაშვილმა ჩაწყობილ თამაშებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ თანაგუნდელებს მან სთხოვა დახმარება, ხოლო მათ არანაირი ფინანსური ინტერესი ჰქონიათ.

გიორგი გეთიაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის და განმარტავს, რომ გარიგებულ მატჩში მონაწილეობას ფინანსური პრობლემების გამო დათანხმდა, თუმცა შეთანხმებული შედეგით ვერ დასრულდა შეხვედრა, რის შემდეგაც მის ფინანსურ პრობლემებს “თამაშის ვერ გაკეთების ვალიც” დაემატა.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ბრალდებით 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი 19 მაისს დააკავა.

დაკავებუილი 11 პირიდან აღკვეთის ღონისძიების სახით ოთხს წინასწარი პატიმრობა შეეფერდა, ხოლო დანარჩენი შვიდი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც სწორედ ოთხი ბრალდებულისთვის ითხოვდა აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას – მათგან სამი ყოფილი, ხოლო ერთი მოქმედი ფეხბურთელია.


სუს-ის განცხადებით, დაკავებულები არიან ორგანიზატორები – ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ., საფეხბურთო კლუბ ჭიათურას ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიის ფეხბურთელები- რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები- ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ.

გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. ჰანდიკაპით – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

იხილეთ სუს-ის ვიდეო - დააკლიკეთ

როგორც ანტიკორუფციული სააგენტო აცხადებს, 2019 წლის 3 აპრილს ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიის მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ თბილისის მერანსა და საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიას შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

სუს-ის განცხადებით, ანალოგიურად, 2019 წლის 19 მაისს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიას მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოსთან შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

 

ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა, ჯამში, მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93 500 ლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

ვიტ ჯორჯია მკაცრად ემიჯნება მსგავს ფაქტებს, ხოლო მის აღმოსაფხვრელად მჭიდროდ სურს თანამშრომლობა ფეხბურთის ფედერაციასთან და სხვა ორგანოებთან. კლუბი მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში ბოდიშს უხდის ქართული ფეხბურთის მესვეურებს, გულშემატკივრებს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ყველაფერს გააკეთებს სადისციპლინო კომიტეტთან ერთად, რომ ჩაწყობილი მატჩების ბრალდებით დაკავებულმა სპორტსმენებმა, რომლებსაც 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ფეხბურთი საერთოდ ვეღარ ითამაშონ. კობიაშვილი არც კლუბების დასჯას გამორიცხავს, რადგან, მისი თქმით, მანამდეც დაუსვამთ კითხვის ნიშნები ვიტ ჯორჯიას ხელმძღვანელებთან მათი ფეხბურთელების საეჭვო ეპიზოდებზე.

არ დაველოდებით გამოძიებას, ჩვენ თვითონ მივიღებთ უმკაცრეს ზომებს – კობიაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი