ახალი ამბებისამართალი

“ასეთი დიდი დარტყმა არასდროს მიგვიღია” – ვიტ ჯორჯია ბოდიშს იხდის

20 მაისი, 2019 •
“ასეთი დიდი დარტყმა არასდროს მიგვიღია” – ვიტ ჯორჯია ბოდიშს იხდის

საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია, რომლის 5 ფეხბურთელიც მატჩების ჩაწყობის ბრალდებით დააკავეს, მკაცრად ემიჯნება ასეთ ფაქტებს, ხოლო მის აღმოსაფხვრელად მჭიდროდ სურს თანამშრომლობა ფეხბურთის ფედერაციასთან და სხვა ორგანოებთან.

ვიტ ჯორჯია მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში ბოდიშს უხდის ქართული ფეხბურთის მესვეურებს, გულშემატკივრებს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას.

22 წელია, რაც ქართულ ფეხბურთში ვართ – არ არის მოკლე დრო. მწარე წაგებებიც გვახსოვს, ტკივილიც, იმედგაცრუებაც, მაგრამ ასეთი დიდი დარტყმა არასდროს მიგვიღია, დარტყმა, რომელიც ლახავს ჩვენი კლუბის ღირსებას და აზიანებს მთლიანად ქართული ფეხბურთის სახელს”, – აცხადებს ვიტ ჯორჯია.

ვიტ ჯორჯიას განცხადებით, უაღრესად რთულია ამ კრიზისის გადატანა, მაგრამ გუნდი არ გატყდება:

არც ხელებს ჩამოვუშვებთ, რადგან ჩვენი დანებება გააძლიერებს იმ ბნელ ძალებს, რომლებიც მავნე მღრღნელებივით ცდილობენ შეესიონ ქართულ ფეხბურთს და იქ დამკვიდრდნენ. ბევრი რამ სრულიად ნათელია, თუმცა მოუთმენლად ველოდებით გამოძიების დასრულებას, რომლის შემდეგაც გვექნება მკაფიო სურათი და მოგვეცემა მეტის თქმის საშუალება”.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ბრალდებით 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი დააკავა 19 მაისს დააკავა.

სუს-ის განცხადებით, დაკავებულები არიან ორგანიზატორები – ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ., საფეხბურთო კლუბ ჭიათურას ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიას ფეხბურთელები რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ.

გამოძიების ინფორმაციით, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. ჰანდიკაპით – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

იხილეთ სუ-ის ვიდეო - დააკლიკეთ

როგორც ანტიკორუფციული სააგენტო აცხადებს, 2019 წლის 3 აპრილს, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიას მოსყიდულმა ფეხბურთელებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ თბილისის მერანსა და საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიას შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

სუს-ის განცხადებით, ანალოგიურად, 2019 წლის 19 მაისს, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიას მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოსთან შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

 

ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93 500 ლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი