ჩაწყობილი თამაშების საქმეზე დაკავებუილი 11 ფეხბურთელიდან აღკვეთის ღონისძიების სახით ოთხს წინასწარი პატიმრობა შეეფერდა, ხოლო დანარჩენი შვიდი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რომელიც სწორედ ოთხი ბრალდებულისთვის ითხოვდა აღმკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებას – მათგან სამი ყოფილი, ხოლო ერთი მოქმედი ფეხბურთელია.
პატიმრობა შეეფარდათ ყოფილ ფეხბურთელებს: ვახტანგ ჯაყელს, ლაშა ჩაფიძეს და ნიკა დაუშვილს, ასევე, მოქმედ ფეხბურთელს – ირაკლი ხუჭუას. ჯაყელმა სასამართლოში ბრალი აღიარა, ხოლო ჩაფიძემ განაცხადა, რომ შეცდომა დაუშვა.
ლაშა ჩაფიძე მოსამართლეს სთხოვდა გაეთვალისწინებინა, რომ 22 ივნისს ქორწილი ჰქონდა დაგეგმილი და დედა ცუდად ჰყავს.
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ბრალდებით 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი 19 მაისს დააკავა.
სუს-ის განცხადებით, დაკავებულები არიან ორგანიზატორები – ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ., საფეხბურთო კლუბ ჭიათურას ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიის ფეხბურთელები- რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიას ფეხბურთელები- ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ.
გამოძიების ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. ჰანდიკაპით – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.
იხილეთ სუ-ის ვიდეო - დააკლიკეთ
როგორც ანტიკორუფციული სააგენტო აცხადებს, 2019 წლის 3 აპრილს ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიის მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ თბილისის მერანსა და საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის გურიას შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს.
სუს-ის განცხადებით, ანალოგიურად, 2019 წლის 19 მაისს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ ვიტ ჯორჯიას მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ ბათუმის დინამოსთან შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს.
ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა, ჯამში, მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 93 500 ლარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ვიტ ჯორჯია მკაცრად ემიჯნება მსგავს ფაქტებს, ხოლო მის აღმოსაფხვრელად მჭიდროდ სურს თანამშრომლობა ფეხბურთის ფედერაციასთან და სხვა ორგანოებთან. კლუბი მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში ბოდიშს უხდის ქართული ფეხბურთის მესვეურებს, გულშემატკივრებს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას.