დღეს, 5 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მუქარის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი ზაზა სვანაძე 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ დააკამყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც სწორედ ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვდა.
პროკურატურის ინფორმაციით, მოსამართლემ ბრალდებულს ყველა სახის კომუნიკაცია აუკრძალა დაზარალებულებთან.
- საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება.
ზაზა სვანაძის განცხადებით, ამ 45 დღის განმავლობაში გლდანის ციხეში ბევრი რამ გადააფასა, მათ შორის, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომელსაც აქამდე ნეგატიურად აფასებდა. მისი თქმით, კლუბური ნარკოტიკების მოხმარების გამო არ უნდა იჭერდნენ ადამიანებს და ფლობისთვის ახალგაზრდები საუკეთესო წლებს ციხეში არ უნდა ატარებდნენ:
ყველამ იცით ჩემი დამოკიდებულება ნარკოტიკებისადმი, თუმცა ეს დამოკიდებულებებიც გადავაფასე. ჩემს წინა გამოსვლებს გადავხედე და ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ ახალგაზრდებს საუკეთესო წლები არ უნდა წავართვათ! მალე დავიწყებ პეტიციების გამოქვეყნებას და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეწუხებას, რათა არაკრიმინალი ახალგაზრდები რაც შეიძლება მალე გამოვიდნენ გარეთ!”
ჟურნალისტი ციხეში გატერებული 45 დღის გამოცდილებას ფეისბუკის პირად გვერდზე უზიარებს მეგობრებს, მათ შორის, იმ პატიმრებთან ურთიერთობაზე, რომლებიც კლუბური ნარკოტიკების მოხმარების გამო 5, 10 ან უფრო მეტწლიან პატიმრობაში არიან.
- ზაზა სვანაძე 20 აპრილს მას შემდეგ დააკავეს, რაც ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო ჯღარკავამ პროკურატურას მიმართა.
ნინო ჯღარკავას თქმით, ზაზა სვანაძემ ფეისბუქზე პოსტი დაწერა, რომლითაც მის შვილს “ყელის გამოღადვრით” დაემუქრა.
როგორც ჯღარკავა ამბობს, პოსტის სქრინები პროკურატურას წარუდგინა.
ნინო ჯღარკავას განცხადებით, ზაზა სვანაძე მის შვილს არ იცნობს და არც რაიმე შეხება ჰქონია წარსულში.
ზაზა სვანაძის მიმართ გამოძიება 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.