2019 წლის 4 ივნისს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მეთორმეტედ მიიღო დევნილების სტატუსის შესახებ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც ადასტურებს იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ.
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე აღნიშნულ რეზოლუციას საქართველო 2008 წლის მაისიდან წარადგენს. ინფორმაციისთვის, 2008 წელს რეზოლუცია მხოლოდ აფხაზეთს ეხებოდა, 2009 წლიდან კი მისი სახელწოდებაა “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ”.
2008 წლიდან დღემდე რეზოლუციის მხარდამჭერთა რიცხვი 14-დან 79-მდე გაიზარდა. წლების მიხედვით სტატისტიკა შემდეგნაირად გამოიყურება:
- ის, თუ როგორ ნაწილდება გაერო-ს 193 წევრი სახელმწიფოს ხმები რეზოლუციის კენჭისყრისას, გარკვეული დასკვნების გაკეთების და ტენდენციების შეფასების საფუძველს იძლევა. 2019 წლის შედეგები ამ მხრივ რამდენიმე ფაქტორის გამო იყო გამორჩეული.
თანასპონსორობა
საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციას პირველად ჰყავს თანაავტორები სხვა სახელმწიფოების სახით. რეზოლუციის თანასპონსორთა რიგებს გაერო-ს წევრი 44 ქვეყანა შეუერთდა. შესაბამისად, წლევანდელი რეზოლუცია, საქართველოს ჩათვლით, 45 ქვეყნის ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს. გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, კახა იმნაძის შეფასებით, აღნიშნული რეზოლუცია თანასპონსორობით უფრო წონადი გახდა, რადგან უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, საერთო ჯამში, 45 ქვეყნის ავტორობითაა ინიცირებული და უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.
“თანასპონსორობა ნიშნავს კუთვნილების აღებას რეზოლუციაზე. ანუ, ჩემი ლტოლვილი და ჩემი ადგილნაცვალი პირი მარტო ჩემი აღარ გამოდის, არამედ თანასპონსორი ქვეყნების მხრიდანაც არის მათი საკითხი წამოწეული. ჩვენ წელს პირველად გადავწყვიტეთ, რეზოლუცია გაგვეხსნა თანაავტორობისთვის”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” იმნაძემ.
იმნაძის შეფასებით, მთავარი არის თავად ფაქტი, რომ რეზოლუციას აქვს მხარდაჭერა და ამდენად, ის არსებობს. ამას ისიც ემატება, რომ რეზოლუცია დიდი უპირატესობოთ გადის.
“მომხრეთა რიცხვი მოწინააღმდეგეებისაზე 5-ჯერ უფრო მეტჯერ დიდია. ეს ორი რამ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი სხვა არითმეტიკა, რაც ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და ამდენად, ნაკლებად აქტუალური. კონკრეტული ქვეყნების მხარდაჭერა: როდესაც რეზოლუციაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, მხედველობაში უნდა გვქონდეს მოცემულ მომენტში მსოფლიოში არსებული პოლიტიკური კონტექსტი, ამა თუ იმ რეგიონში იმ დროისთვის არსებული რეალობა თუ კერძო ქვეყნების შიდა პოლიტიკური ვითარება, სხვა ინდივიდუალური თავისებურებანი. აქვე ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ დიპლომატიურ ჭიდილში ჩვენ სერიოზული მოწინააღმდეგე გვყავს რუსეთის სახით, რომელიც მთელი თავისი რესურსით და სხვადასხვა მეთოდებით მუშაობს სხვადასხვა ქვეყნებზე, განსაკუთრებით კი, მოწყვლადებზე. გვქონდა შემთხვევები, როდესაც მხარდამჭერი ქვეყნები მოწინააღმდეგეთა რიგებში გადანაცვლებულან, რადგან თავად ამ ქვეყნებში მოხდა სამთავრობო ცვლილებები და დემოკრატიის ხარისხი საგრძნობლად გაუარესდა, ან კონფლიტქში გაეხვივნენ. შემდგომში ისინი კვლავ დაბრუნებულან მხარდამჭერთა რიგებში, შიდა ვითარების გაუმჯობესების პარალელურად”, – განმარტავს კახა იმნაძე.
სომხეთის პოზიცია
საქართველოს მეზობელმა სომხეთმა, რომელიც ყოველწლიურად რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას, წელს პირველად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა აკობია ფიქრობს, რომ აღნიშნულში დიდი წვლილი მიუძღვის სომხეთში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს და ნიკოლ ფაშინიანის ადმინისტრაციის სახეცვლილ პოლიტიკას, რაც უფრო მეტ გახსნილობაში, დასავლეთთან მეტ ინტეგრაციასა და დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯებში გამოიხატება.
“როცა ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები ვითარდება, საერთაშორისო არენაზეც უფრო პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებებს იღებენ ხოლმე. სომხეთის წინააღმდეგობა გასული 11 წლის განმავლობაში გარკვეულწილად იყო მათი რუსეთზე ძალიან ღრმა დამოკიდებულების და წნეხის შედეგი, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ საქართველოსთან მიმართებაში სომხეთმა უფრო პოზიტივისკენ შეცვალა დამოკიდებულება. ეს მნიშვნელოვანი ცვლილებაა რუსეთისვის, რომელსაც ყოველთვის ჰყავდა გარანტირებული 15-16-ქვეყნიანი ჯგუფი, რომელსაც თავის ჭკუაზე მართავდა”, – აცხადებს აკობია და დასძენს, რომ პოზიტიური ტენდენციის შენარჩუნებას რამდენიმე გარემოების დაკმაყოფილება სჭირდება, მათ შორის, საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობა, დემოკრატიიზაციისკენ სვლის გაგრძელება თვითონ სომხეთში და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების ძალისხმევა.
მხარდამჭერთა რაოდენობის შემცირება
რეზოლუციის ინიცირებიდან ყოველწლიურად იზრდებოდა მხარდამჭერთა რიცხვი. წელს პირველად, ეს ტენდენცია შეიცვალა – თუ შარშან რეზოლუციას 81 მომხრე ჰყავდა, წელს მათი რაოდენობა 79-მდე შემცირდა. ეკა აკობია მიიჩნევს, რომ რაოდენობაზე აქცენტი მეორეხარისხოვანია, რადგან რეზოლუციის მხარდაჭერის ხარისხი გაზრდილია.
“უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ არსებული გლობალური გარემოს, პოპულიზმისა და რადიკალური პარტიების აღზევების ფონზეც კი, რეზოლუციის მხარდაჭერა შენარჩუნებულია დაახლოებით იმ დონეზე, რაც წინა პერიოდში, მაგრამ ხარისხობრივად გაუმჯობესებულია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით: რეზოლუციას 44 თანასპონსორი ჰყავს; ისეთ მოწყვლად რეგიონში, როგორიცაა ოკეანეთი, საკმაოდ მაღალი მხარდაჭერა გვაქვს. ის, რომ სამოა, ტონგა, სოლომონის კუნძულები მხარდამჭერების რიგებში არიან, მნიშვნელოვანი შედეგია, ვინაიდან მათი მოწყვლადობის გამო, ისინი ყოველთვის იყვნენ რუსეთის საკბილო. საკმარისია, ტუვალურ და ვანუატუს მაგალითი გავიხსენოთ”, – უთხრა “ნეტგაზეთს” აკობიამ.
გადაადგილებები ჯგუფებს შორის
საქართველოს და 44 ქვეყნის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას 79-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 15 წინააღმდეგ წავიდა, 57-მა თავი შეიკავა, ხოლო 38 ქვეყანა კენჭისყრაზე არ გამოცხადდა.
წინა წლებთან შედარებით აღსანიშნავია, რომ გავლენიან სახელმწიფოებს შორის საქართველოს მხარდამჭერთა რიცხვს გამოაკლდა საუდის არაბეთი და დაემატა სინგაპური.
“მნიშვნელოვანია კარიბის ზღვის რეგიონიდან პანამის მხარდაჭერის დაბრუნებაც. ვნახეთ პოზიციის ნეგატიური შემოტრიალება რამდენიმე პატარა ქვეყანაში, სადაც შიდა არასატაბილურობაა და საკითხი განსახილველია გაერო-ს უშიშროების საბჭოში. ასეთ დროს, სამწუხაროდ, ქვეყნები უფრთხიან უშიშროების საბჭოში ვეტოს მქონე სახლმწიფოების გაღიზიანებას, განსაკუთრებით კი- რუსეთის, რომელიც არასდროს ერიდება, საკითხები ერთმანეთთან დააკავშიროს და ივაჭროს ქვეყნებთან. საუდის არაბერთის გადაწყვეტილება კი, რომელმაც ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად არ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, შესწავლას საჭიროებს. აქ ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს, ახლო აღმოსავლეთში რუსეთის როლის ზრდის ჩათვლით, მაგრამ სივრცე მუშაობისთვის დარჩენილია. საუდის არაბეთის პოზიციას სხვა არაბული სახელმწიფოებიც უყურებენ, ამიტომ მნიშვვნელოვანია მისი მხარდაჭერის კვლავ უზრუნველყოფა”, – ამბობს ეკა აკობია.
საუდის არაბერთმა საქართველოს მხარდაჭერის პრაქტიკა შეცვალა და წლევანდელ კენჭისყრაზე თავშეკავება დააფიქსირა. ეს მაშინ, როცა საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ორმხრივი ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდა – საქართველოში გაიხსნა საუდის არაბეთის საელჩო, “დელტა” აგრძელებს საუდის არაბეთისთვის სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების მიწოდებას, პარლამენტი რატიფიცირებისთვის განიხილავს “საქართველოს მთავრობასა და საუდის არაბეთის სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსლის შესახებ“ შეთანხმებას.
რეზოლუციის კენჭისყრას ცოტა ხნის ადრე წინ უძღოდა შემთხვევა საუდელ დებთან დაკავშირებით. მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები საუდის არაბეთიდან გამოიქცნენ და საქართველოს სახელმწიფოს საერთაშორისო დაცვა სთხოვეს. შსს-მ მათი თხოვნა დააკმაყოფილა. ეს ფაქტი და საუდის არაბეთის რამდენიმე მოქალაქისთვის საქართველოს საზღვრის კვეთაზე უარი, ასევე, ულტრანაციონალისტური ჯგუფების მხრიდან გახშირებული ანტიარაბული რიტორიკა, შესაძლოა, გახდა ელ-რიადის უკმაყოფილების საფუძველი.
ქართული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს, რეზოლუციის მხარდაჭერის საკითხზე საუდის არაბეთთან კონსულტაციები გამართოს.
ყოველწლიური რეზოლუცია “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ” გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ამასთან, რეზოლუცია ხაზს უსვამს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებში ჰუმანიტარული საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების გადაუდებელ საჭიროებას.
რეზოლუცია გაერო-ს გენერალურ მდივანს ავალდებულებს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას.
რეზოლუცია მოუწოდებს ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს, გაააქტიურონ ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
ამავე თემაზე:
79 მომხრე, 15 წინააღმდეგი – გაეროში აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებზე რეზოლუცია მიიღეს