ახალი ამბები

მაჰა და ვაფა ალ-სუბაიებმა თავშესაფარი მიიღეს – საუდელმა დებმა საქართველო დატოვეს

7 მაისი, 2019 • 1646
მაჰა და ვაფა ალ-სუბაიებმა თავშესაფარი მიიღეს – საუდელმა დებმა საქართველო დატოვეს

საუდის არაბედითან თბილისში გამოქცეულმა დებმა – მაჰა და ვაფა ალ-სუბაიებმა საქართველო დატოვეს და გაემგზავრნენ იმ ქვეყანაში, რომელმაც მათ თავშესაფარი მისცა. ამის შესახებ ინფორმაცია დებმა ტვიტერით გაავრცელეს.

სიხარულით ვაცხადებთ, რომ ვტოვებთ საქართველოს. ჩვენ დავიწყებთ ახალ ცხოვრებას ახალ ქვეყანაში. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც მხარს გვიჭერდა და გვერდში გვედგა ადგილზე თუ საზღვარგარეთ. ასევე, გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც ხელი მოაწერა ჩვენს პეტიციას”, – აცხადებენ დები.

მაჰა და ვაფა ალ-სუბაიებმა საქართველოს სახელმწიფოს 18 აპრილს ოფიციალურად მიმართეს და მოითხოვეს საერთაშორისო დაცვა.

როგორც შსს-ში განგვიცხადეს, მომართვის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ისინი თავშესაფრის მაძიებლებად დაარეგისტრირა და მათ მიმართ დაიწყო თავშესაფრის პროცედურით დადგენილი ქმედებების განხორციელება. შსს აღნიშნავს, რომ ამ პროცედურის ფარგლებში არ იზღუდება პირის გადაადგილების თავისუფლება.

  • სოციალურ ქსელში ორი დის მიმართვა პირველად 16 აპრილს გავრცელდა. მას შემდეგ კიდევ რამდენიმე ვიდეომიმართვა და ფოტო გამოაქვეყნეს. ისინი ამბობენ, რომ საუდის არაბეთიდან საქართველოში  გამოიქცნენ და აქ საფრთხე ემუქრებათ.

მათი თქმით, თავშესაფრის მიღება სურთ, რადგან საუდის არაბეთმა პასპორტის მოქმედება ორივე მათგანს შეუჩერა.

დების განცხადებით, მამა და ძმა უკვე საქართველოში არიან და ეძებენ. როგორც ვიდეოში ერთ-ერთი და ამბობს, ოჯახში ცუდად ექცეოდნენ, ხოლო საუდის არაბეთში არსებული კანონები მათ ფაქტობრივად არ იცავს. ისინი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს სთხოვენ დახმარებას.

ჩვენ ვართ დები მაჰა და ვაფა საუდის არაბეთიდან. საფრთხეში ვართ და თქვენი დახმარება გვჭირდება, რათა ჩვენი ხმა სხვებს მივაწვდინოთ. ჩვენ გვჭირდება ქვეყანა, რომელიც მიგვიღებს და ჩვენს უფლებებს დაიცავს. გთხოვთ, დაგვეხმარეთ. ახლა საქართველოში ვიმყოფებით”, – აცხადებენ ისინი.

დების მიერ თავშესაფრის მიღების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროც იყო ჩართული, სადაც გვითხრეს, რომ ყველა კანონიერი პროცედურა მიმდინარეობდა, თუმცა, სხვა სახის ინფორმაციას მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით გასაიდუმლოებულია.

  • საქართველოში ყოფნისას მაჰა და ვაფა ალ-სუბაიებმა Google-სა და Apple-საც მიმართეს, ონლაინ მაღაზიებიდან წაეშალათ ის აპლიკაცია, რომელიც ქალების გადაადგილების მონიტორინგის საშუალებას იძლევა.

დების მოთხოვნის შესახებ The Guardian წერს, რომელიც განმარტავს, რომ საუდის არაბეთში ქალებს სამუშაოს დასაწყებად, სამოგზაუროდ ან დასაქორწინებლად კაცი ნათესავის ნებართვა სჭირდებათ.

აპლიკაციით Absher კი მათ აღნიშნული საჯარო სერვისებით სარგებლობაზე თანხმობის გაცემა და ქალების პასპორტების გამოყენების სიხშირის კონტროლი დისტანციურად შეუძლიათ.

საუდელი დები ამბობენ, რომ ამ “არაადამიანური” აპლიკაციის მეშვეობით, ქალები ოჯახში ძალადობას თავს ვერ აღწევენ, ვინაიდან აპლიკაცია ოჯახის წევრებს მათ ადგილსამყოფელს უმხელს.

აპლიკაცია კაცებს ქალებზე კონტროლს ანიჭებს. მათ ის უნდა წაშალონ. თუ ისინი ამ აპლიკაციას წაშლიან, შესაძლოა, ხელისუფლებამაც მიიღოს რაიმე ზომები”, – ამბობს ვაფა ალ-სუბაი.

The Guardian ასევე წერს, რომ კომენტარისთვის აღნიშნულ კომპანიებს მიმართა, თუმცა დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიუღია. ამ დროისთვის არც Apple-ის Appstore-ს და არც GooglePlay-ს არ წაუშლია აპლიკაციები და მისი გადმოწერა მსურველებს შეუძლიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი