უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, პოლიტიკური გეგმები არ აქვს. ამის შესახებ ზელენსკიმ currenttime.tv-ის ჟურნალისტს განუცხადა.
ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს ჰკითხა, თუ რატომ დაუბრუნა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა და უკავშირდება თუ არა ეს მასთან საერთო პოლიტიკურ გეგმებს.
“პოლიტიკური გეგმები არ არსებობს. გეგმა იყო ძალიან მარტივი, ადამიანური: მე ვუთხარი პრესას, რომ მას პასპორტი ჩამოართვეს უკანონოდ და სწორედ ამიტომ დავუბრუნე. ეს არის და ეს”, – თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, სააკაშვილს ჯერ არ შეხვედრია.
“ის [სააკაშვილი] მწერდა, მადლობის ვიდეო ჩაწერა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ის მწერდა WhatsApp-ზეც. მაგრამ რატომ მიხდის მადლობას? მე ჩემი საქმე გავაკეთე, შევასრულე ჩემი დაპირება. ძალიან ცოტა დაპირებებს გავცემ, მაგრამ მინდა ყველა შევასრულო”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წელს ჩამოართვეს, მთავარ საბაბად კი მისი კანონდარღვევით მიღება დაუსახელეს. მას შემდეგ სააკაშვილი მოქალაქეობის არმქონე პირი იყო. მან საქართველოს მოქალაქეობა რამდენიმე წლის წინ, უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემდეგ დაკარგა. უკრაინის მოქალაქობის დაკარგვის შემდეგ სააკაშვილი ძირითადად ევროპაში ცხოვრობდა. ის უკრაინაში 2019 წლის მაისის მიწურულს დაბრუნდა.