„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“- შემაჯამებელი შეხვედრა

4 ივნისს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროექტის „ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე და პროექტის მონაწილეები ესწრებოდნენ.

პროექტის მონაწილე მოხალისე მასწავლებლებმა მიმდინარე სასწავლო წელი შეაჯამეს და ერთმანეთს მიღებული გამოცდილება გაუზიარეს.

2019 წელს პროექტში ჩართულია 38 მოხალისე მასწავლებელი, რომელიც საქართველოს 9 რეგიონის 63 საჯარო სკოლასა და 4 პროფესიულ კოლეჯში არიან გადანაწილებული.

პროექტის განხორციელება 2010 წელს დაიწყო. საქართველოს ყოველწლიურად უცხოენოვან მოხალისე მასწავლებელთა ჯგუფი სტუმრობს, მოხალისე მასწავლებლები ცხოვრობენ მასპინძელ ოჯახებში და დასაქმებულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში, სადაც, ადგილობრივ მასწავლებლებთან და თემის სხვა წევრებთან თანამშრომლობით, აქტიურად ერთვებიან სასკოლო და სათემო ცხოვრებაში. უცხოელ კოლეგებთან ერთად ადგილობრივი უცხოური ენის პედაგოგები იმაღლებენ ენის ცოდნის დონეს, მოიძიებენ და დაამუშავებენ მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე დამატებით მასალებს, ეცნობიან და ნერგავენ ენის სწავლების თანამედროვე მეთოდებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი