“რას გულისხმობთ? ამ თვალსაზრისით საქართველოში სადარდებელი ნამდვილად არაფერია. გთხოვთ, გადაამოწმოთ თქვენი ინფორმაცია. მსგავსი სახის კომენტარები არის ზუსტად ის, რაც აღმავალი დემოკრატიის იმიჯს ვნებს” – ასე პასუხობს ტვიტერზე თამარ ხულორდავა ევროპარლამენტარის, რებეკა ჰარმსის პოსტს ტვიტერზე, რომელიც “თბილისი პრაიდს” ეხება.
ჰარმსი ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე აქტივისტისა და “თბილისი პრაიდის” ერთ-ერთ ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის ტვიტს აზიარებს. ტვიტში თაბაგარი ამბობს, რომ შსს-მ პრაიდის ორგანიზატორებს უსაფრთხოების გარანტია ვერ მისცა.
“ვერ ვიჯერებ, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლებისა და პარლამენტის პოზიცია,” – დაწერა რებეკა ჰარმსმა და საქართველოს მთავრობასთან ერთად თამარ ხულორდავაც მონიშნა. სწორედ ამ პოსტის ქვეშ მოუწოდა ხულორდავამ ევროპარლამენტარს, რომ ინფორმაცია გადაემოწმებინა.
ხულორდავას კომენტარს პოსტშივე პასუხობს რებეკა ჰარმსი და ამბობს: “როგორც აღვნიშნე, მე ამის დაჯერება მიჭირს. და ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ განუცხადებია, რომ მას “თბილისი პრაიდისთვის” უსაფრთხოების გარანტირება არ შეუძლია?”. ამ კითხვას ხულორდავა აღარ პასუხობს.
I can‘t believe that this is the opinion of government and parliament of Georgia @TamarKhulordava @MFAgovge @Georgia_In_EU @MaximEristavi @TbilisiPride https://t.co/FetAeIsjjZ
— Rebecca Harms (@RebHarms) June 2, 2019
ნეტგაზეთი ცდილობს დაუკავშირდეს ხულორდავას, რათა ჰკითხოს, თუ ვის მიემართება მისი განცხადების მეორე ნაწილი (“…მსგავსი სახის კომენტარები არის ზუსტად ის, რაც აღმავალი დემოკრატიის იმიჯს ვნებს”) – ევროპარლამენტარს, გიორგი თაბაგარს თუ შსს-ს. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
რაც შეეხება შსს-ს პოზიციას, უწყებამ 31 მაისს მართლაც განაცხადა, რომ “თბილისი პრაიდისთვის” სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია:
“სამინისტროს წარმომადგენლებმა ,,თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს განუმარტეს, რომ მათ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია.
„თბილისი პრაიდის“ ჯგუფს შეეთავაზა გამოხატვის სხვა შესალებლობები და შეკრების ისეთი ალტერნატივები, რომელიც უფრო უსაფრთხო იქნება მონაწილე პირებისთვის”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
პრაიდის ორგანიზატორების განცხადებით კი, შსს ალტერნატივაში გულისხმობდა საკლუბო სივრცესა და სტადიონს.