კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეს, 39 წლის მამუკა ხეცურიანს პოლონეთს გადასცემენ. მამუკა ხეცურიანს პოლონეთში ბრალად ედება 28 წლის ქალის გაუპატიურება და მკვლელობა.
უკრაინის მთავარი პროკურატურის გადაწყვეტილება ექსტრადირების შესახებ ხეცურიანმა თავდაპირველად კიევის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა და პროცესი მოიგო, თუმცა სააპელაციო სასამართლომ 3 ივნისს საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა. შესაბამისად, მამუკა ხეცურიანს პოლონეთში გაასამართლებენ.
ახალგაზრდა ქალის გვამი პოლონეთის ქალაქ ლოძის ტბაში 2018 წლის შემოდგომაზე იპოვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილს ყელის არეში სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულმა პოლონეთი 21 ოქტომბერს დატოვა და უკრაინაში გადავიდა, სადაც დააკავეს კიდეც. მამუკა ხეცურიანზე პოლონეთს ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით ჰქონდა გამოცხადებული.
მთავარ ფოტოზე: მოკლული პოლონელი გოგო და მკვლელობაში ბრალდებული მამუკა ხეცურიანი