ახალი ამბები

რატომ არ შეამოწმა გარემოს დაცვის სამინისტრომ “ჯორჯიან მანგანეზი” 2 წლის განმავლობაში

4 ივნისი, 2019 • 1755
რატომ არ შეამოწმა გარემოს დაცვის სამინისტრომ “ჯორჯიან მანგანეზი” 2 წლის განმავლობაში

“ჯორჯიან მანგანეზი” გარემოს  ზედამხედველობის დეპარტამენტს 2017 წლის მაისიდან არ შეუმოწმებია.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივამ” გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებული წერილი გაასაჯაროვა, სადაც წერია, რომ დეპარტამენტს მანგანუმის მომპოვებელი კომპანია 2017 წლის 11 მაისის შემდეგ არ შეუმოწმებია.

2017 წლის მაისში სამინისტრომ კომპანიაში სპეციალური მმართველის შეყვანა “გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით” ახსნა. აქედან გამომდინარე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ვკითხეთ, რატომ არ მოხდა შ.პ.ს. ჯორჯიან მანგანეზის შემოწმება.

უწყებიდან წერილობით გვაცნობეს, რომ კომპანიამ სამინისტროს მიმდინარე საქმიანობის შესასრულებელი ღონისძიებების საშუალო ვადიანი გეგმა შეუთანხმა, რომლის ფარგლებში ყოველთვიურად ანგარიში წარედგინება სასამართლოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს.

“შესასრულებელი ღონისძიებების საშუალოვადიანი გეგმის ღონისძიებები ეტაპობრივად სრულდება, მათ შორის აღკვეთილია სანაყაროდან მდინარე ყვირილას დაბინძურება, მომზადებულია ეკოლოგიური აუდიტის ანგარიში და განხორციელდა ღონისძიებები, რომელთა შესახებ დეპარტამენტი ინფორმირებულია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დღეს არსებული მდგომარეობით არ განუხორციელებია მადნის გამამდიდრებელი საწარმოს შემოწმება, ვინაიდან ახალი გამამდიდრებელი არ მუშაობს სრული დატვირთვით.

ასევე, სპეციალური მმართველის მიერ სასამართლოსთან შეთანხმებული ღონისძიებების გეგმიდან გამომდინარე, 2017 წლის ბოლოს შეთანხმდა რეკულტივაციის პროექტები, რომელთა შესაბამისად ტექნიკური და ბიოლოგიური რეკულტივაციის შესასრულებელ ვადად განისაზღვრა 5 წელი. აღნიშნული საკითხის გადამოწმება მოხდება რეკულტივაციის პროექტით განსაზღვრულ ვადაში.

ამასთან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს სპეციალურ მმართველთან ერთად, რათა დამატებით განისაზღვროს ადეკვატური და შესაბამისი ღონისძიებები ჭიათურაში გარემოს დაბინძურების აღკვეთის მიზნით,” – აცხადებენ დეპარტამენტში.

2017 წლის 11 მაისს სამინისტრომ განცხადება გავრცელა, სადაც კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნის მიზეზებს განმარტავდა. სამინისტროს მტკიცებით, მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან არაერთი დაჯარიმებისა და ადგილზე მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორების მიზნით გონივრული ვადების განსაზღვრისა, კომპანია კვლავ აგრძელებდა საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით.

მასალების გადაბეჭდვის წესი