ახალი ამბები

სასამართლომ reginfo-ს მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყვიტა

1 ივნისი, 2019 •
სასამართლომ reginfo-ს მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყვიტა

გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ონლაინგამოცემა reginfo.ge-ს მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე შეწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად reginfo ავრცელებს. მანამდე, სამართალდარღვევის ოქმი გამოცემას კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ(GNCC) შეუდგინა.

კომისია ონლაინგამოცემის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას და 1500 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა. GNCC განმარტავდა, რომ ვებგვერდმა საარჩევნო კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში გამოაქვეყნა არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რაც საარჩევნო კოდექსს ეწინააღმდეგება.

reginfo-ს თანახმად, საქმე ეხება ონლაინგამოცემის ვებგვერდზე 17 მაისს გამოქვეყნებულ ნიუსს – „პოლიტიკოსებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი კალაძეს და სააკაშვილს აქვთ – კვლევა“. გამოცემა აღნიშნავს, რომ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალა არ შეეხებოდა 2019 წლის 19 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებულ გამოკითხვას. მასში მხოლოდ საუბარი იყო, თუ რომელი პოლიტიკოსი სარგებლობდა ყველაზე მეტი ნდობით.

“ამის მიუხედავადაც, კომუნიკაციების კომისიამ, ნიუსის გამოქვეყნების გამო, 24 მაისს, Reginfo.ge-ს გამომცემელ ორგანიზაციას, საინფორმაციო ცენტრების ქსელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა”, – წერს გამოცემა.

reginfo-ს ინტერესებს სასამართლოში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავდა.

“ნეტგაზეთი” კომისიას დაუკავშირდა იმის გასარკვევად, აპირებს თუ არა GNCC გურჯაანის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას. კომისია აცხადებს, რომ სასამართლოს განჩინება ჯერ არ ჩაბარებია და გადაწყვეტილებას სწორედ ამის შემდეგ მიიღებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი