ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა 144 ადამიანს სურს

1 ივნისი, 2019 •
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა 144 ადამიანს სურს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის სურვილი 144-მა ადამიანმა გამოთქვა. ჩამონათვალი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გამოაქვეყნა.

უზენაესის მოსამართლეობის მსურველებს შორის არიან გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, საბჭოს წევრი, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია და სხვები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების შესარჩევად ხელახალი კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მიმდინარე ეწლის იანვარში მიხეილ ჩინჩალაძემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სხვა კანდიდატებმა, სულ, 10-მა ადამიანმა, წინა კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა. აღნიშნულს წინ უძღოდა საზოგადოების ნაწილის, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობა, რომელიც აღნიშნულ სიაში მყოფ მოსამართლეებს უნდობლობას უცხადებდა და მათ “კლანად” მოიხსენიებდა.

იმ მოსამართლეთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ კანდიდატურები უკან გაიწვია, ამჟამინდელ კონკურსშიც მონაწილეობს. მათ შორის არიან მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, გიორგი მიქაუტაძე, თამარ ალანია და გიორგი ტყავაძე. პროცესს მხოლოდ გვრიტიშვილი და ჩინჩალაძე გამოეთიშნენ.

საზოგადოების უკმაყოფილების შემდეგ, მოსამართლეთა დანიშვნის წესის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე კანონპროექტი მუშავდებოდა. საბოლოოდ, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ვარიანტი 1 მაისს, მესამე მოსმენით დაამტკიცა, ეკა ბესელიასა და 12 დეპუტატის მიერ მომზადებული ცვლილებები კი პირველი მოსმენით ჩააგდო.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილება, რომელიც ორგანულ კანონში შედის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესს და კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს.

არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს მოუწოდებდნენ, კანონპროექტისთვის ვეტო დაედო, ვინაიდან მათი აზრით, ის სურათს არსებითად არ ცვლიდა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს “თვითნებობის შეუზღუდავ საშუალებას” აძლევდა. სალომე ზურაბიშვილმა კანონპროექტს ხელი მალევე მოაწერა.

მასალების გადაბეჭდვის წესი