ახალი ამბები

კახა კოჟორიძე ‘კაბელების საქმეზე’: დაცვის მხარეს მასალები უნდა გადაეცეს

20 ნოემბერი, 2014 •
კახა კოჟორიძე ‘კაბელების საქმეზე’: დაცვის მხარეს მასალები უნდა გადაეცეს

“პირდაპირი ვალდებულება აქვს პროკურატურას, გადმოსცეს საქმის მასალები, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა გრიფი. გრიფირებული მასალა შეიძლება არ გაეცნოს ჟურნალისტებს, არ გაეცნოს საზოგადოებას, ზოგადად, მაგრამ დაცვის მხარეს, ბრალდებულებს აუცილებლად უნდა გადაეცეს და გაეცნოს. ეს არის მოთხოვნა ჩვენი კანონმდებლობით, კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით,”– განაცხადა კახა კოჟორიძემ “რუსთავი 2″–თან საუბარში.

კახა კოჟორიძე
კახა კოჟორიძე

 

გუშინ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გააკეთა  განცხადება, სადაც აღნიშნეს, რომ ვინაიდან არც ერთ ადვოკატს არ ჰქონდა საიდუმლო მასალებთან დაშვების უფლება და, შესაბამისად, არ ჰქონდათ კანონით განსაზღვრული სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის  შენახვის სათანადო პირობები, ადვოკატებს განემარტათ, რომ ვერ მოხდებოდა მათთვის საიდუმლო მასალების გადაცემა.

 

“საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის წესის დარღვევა წარმოადგენს დანაშაულს, რისკენაც გვიბიძგებდნენ ადვოკატები, რამეთუ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გადაცემის შემთხვევაში, მათ შენახვის სათანადო პირობები არ ჰქონდათ, რაც ავტომატურად ჩაითვლებოდა პროკურატურის მხრიდან კანონის დარღვევად,”– განაცხადეს გუშინ საქართველოს პროკურატურაში.

 

“კაბელების” საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატები კი აცხადებენ, რომ პროკურატურა არღვევს თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპს, რადგანაც უარს ამბობს საქმის მასალების გადმოცემაზე:

 

“პროკურატურას სურს, რომ ადვოკატი მივიდეს- დაახლოებით ისე, როგორც ადამიანი დადის გამოფენაზე ან თეატრში- და გადაავლოს თვალი ამ საქმის მასალებს ისე, რომ არც ჩანაწერი გააკეთოს, არც ასლი გადაიღოს, შემდეგ მოვიდეს, დაიმახსოვროს ყველაფერი ზეპირად და ასე განახორციელოს დაცვა,“– განაცხადა ადვოკატმა იოსებ ბარათაშვილმა.

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია კი, რომლის ყოფილი თანამშრომლებიც არიან “კაბელების” საქმეზე დაკავებული, კომპანია “სილქნეტის” სასარგებლობ სახელმწიფოს კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვისთვის ბრალდებულები, ამბობს, რომ პროკურატურას ამ ქმედებებისთვის პასუხის გაცემა მოუწევს.

 

“ის ქმედებები, რასაც აკეთებ პროკურატურა ჩვენი მისამართით, ამას აქვს პოლიტიკური სარჩული. ახლა ერთ სააქმეს, ორ საქმეს, ათ საქმე შეკერავენ, ეს მათი საქმეა. მე დარწმუნებული ვარ, ისევ ისე დამაჯერებლად მინდა გითხრათ, თანაშრომლების აბსოლუტურ უდანაშაულობაში და რაც  სწრაფად მოხდება საქმის გადაცემა ადვოკატებზე, რაც სწრაფად მოხდება ღიად ჩატარება გამოძიების, საზოგადოებაც დარწმუნდება და მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამის შემდეგ მოუწევს უკვე პასუხისგება იმ პროკურატურის თანამშრომლებს, ვინც ასეთი რამ ჩაიფიქრა,”– განაცხადა ირაკლი ალასანიამ “რუსთავი 2–ის” ეთერში.

 

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა 2 დღის წინ განაცხადა, რომ ხელისუფლებას ბოლო გაფრთხილებას აძლევს, რომ თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატებს საქმის მასალები გადასცენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალასანიამ განაცხადა, რომ ამ საკითხის ირგვლივ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მობილიზებას დაიწყებს.

 

წუხელ კი ირაკლი ალასანია კანადაში გაემგზავრა, სადაც უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო ფორუმს უნდა დაესწროს. გარდა ამისა, თავდაცვის ყოფილ მინისტრს ნიუ–იორკსა და ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტემენტის წარმომადგენლებთან შეხვედრები აქვს დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი