ახალი ამბები

აშშ-თან ჩაშლილი დიალოგის გამო ჩრ.კორეაში დიპლომატები სიკვდილით დასაჯეს – მედია

31 მაისი, 2019 •
აშშ-თან ჩაშლილი დიალოგის გამო ჩრ.კორეაში დიპლომატები სიკვდილით დასაჯეს – მედია

ჩრდილოეთ კორეაში სიკვდილით დასაჯეს საგარეო უწყების ის თანამშრომლები, რომლებიც აშშ-ჩრდილოეთ კორეის მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული. მძიმე სასჯელები დაეკისრა არაერთ მაღალჩინოსანს, დასჯილთა შორის არის კიმ ჩენ ინის თარჯიმანი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის დიქტატორს ტრამპთან შეხვედრისას ახლდა.

ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთკორეულ მედიასაშუალებებზე დაყრდნობით ბრიტანული The Guardian ავრცელებს. თავის მხრივ, სამხრეთკორეული გამოცემები ეყრდნობიან წყაროს ჩრდილოეთ კორეიდან. დასავლურმა მედიამ აღნიშნული ინფორმაცია დამოუკიდებლად ვერ გადაამოწმა, რადგან ჩრდილოეთ კორეაში საინფორმაციო სივრცე მკაცრად კონტროლდება და უცხოურ მედიას ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება.

როგორც The Guardian წერს, 2019 წლის მარტში, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოთხ თანამშრომელთან ერთად, სიკვდილით დასაჯეს ჩრდილოეთ კორეის სპეციალური წარმომადგენელი აშშ-თან მოლაპარაკებების საკითხებში კიმ იოკ ჩოლი. სიკვდილით დასჯას წინ უძღოდან კიმ ჩენ ინისა და დონალდ ტრამპის წარუმატებელი შეხვედრა, რომელიც თებერვალში ჰანოიში გაიმართა. რეჟიმმა მაღალჩინოსნები აშშ-ის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დაადანაშაულა.

სამხრეთკორეული მედიასაშუალების ცნობით, ჩრდილოეთ კორეაში დააპატიმრეს კიმ იონგ ჩოლი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან მოლაპარაკებებში ჩრდილოეთ კორეას წარმოადგენდა. მას იძულებითი შრომა და “იდეოლოგიური განათლება” მიუსაჯეს.

პოლიტიკური პატიმრებისთვის განკუთვნილ საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს შინ ჰაი იონგი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თარჯიმანი იყო დონალდ ტრამპთან შეხვედრისას. მას ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება არასწორ თარგმანსა და ამ გზით “ლიდერის ძალაუფლების საფრთხის ქვეშ დაყენებას” ედავება.

სამხრეთ კორეის მედია ასევე წერს, რომ რეპრესიები შეეხო კიმ ჩენ ინის დას, შინ ჰაი-იონგს, რომელიც თავის ძმას გვერდით ედგა აშშ-თან მოლაპარაკებებში. ის თანამდებობრივად დააქვეითეს.

ჩრდილოეთ კორეას ამ დრომდე არც დაუდასტურებია და არც უარყვია აღნიშნული ინფორმაცია, თუმცა ხუთშაბათს ჩრდილოეთ კორეის სახელისუფლებო მედიამ ზოგადი მინიშნება გააკეთა ქვეყნის ლიდერისა და პარტიის მოღალატეების დასჯაზე.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კიმ ჩენ ინის ბრძანებით ჩრდილოეთ კორეის მაღალჩინოსნებს სიკვდილით სჯიან. მას შემდეგ, რაც 2011 წელს თანამდებობა დაიკავა, კიმ ჩენ ინმა სიკვდილით დასაჯა ჩრდილოეთ კორეის არმიის მეთაური და საკუთარი ბიძა, ასევე, განათლების მინისტრი, რომელსაც უბრალოდ შეხვედრაზე ჩაეძინა და ა.შ.

მასალების გადაბეჭდვის წესი