რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ აკრძალა ინგუშეთის ტეიპთა საბჭოს — ადგილობრივი არაფორმალური გაერთიანების — საქმიანობა. ტეიპები (ერთგვარი კლანები, საგვარეულოთა გაერთიანებები) 2018 წლის შემოდგომაზე დაწყებული სახალხო დემონსტრაციების აქტიური მხარდამჭერები იყვნენ;
იუსტიციის სამინისტრომ 22 მაისს გამოსცა ტეიპების საბჭოს აკრძალვის შესახებ ბრძანება. როგორც BBC-ს რუსულ ბიუროს საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, მუსა ზურაბოვმა განუცხადა, ამ ბრძანებით ტეიპთა საბჭოს ეკრძალება დემონსტრაციების ჩატარება, საკუთარი მასობრივი კომუნიკაციის საშუალებების გამოყენება, ფართის დაქირავება და ა.შ.
ინტერფაქსის ცნობით, აკრძალვას სამი თვის განმავლობაში აქვს ძალა და მუდმივი არ არის. როგორც ტეიპების გაერთიანების წევრი მუსა ზურაბოვი აცხადებს, ტეიპთა საბჭოს უკვე დიდი ხანია პრობლემებს უქმნიან. მაგალითად, რუსული გამოცემა „ინტერფაქსის“ ცნობით, 2019 წლის მარტში ერთ-ერთ აქციაზე ტეიპთა საბჭოს ერთ-ერთი ლიდერი „სამართალდამცავების ცემის“ ბრალდებით დააკავეს.
წინააღმდეგობების მიუხედავად, ზურაბოვის თქმით, ტეიპები არ აპირებენ საქმიანობის შეწყვეტას. BBC-ის ცნობითვე, ინგუშეთის მოსახლეობის ნაწილი უკვე საუბრობს საპროტესტო დემონსტრაციების განახლებაზე.
როგორც BBC-ის რუსული ბიურო წერს, სახალხო გაერთიანება „ინგუშ ხალხთა ტეიპთა საბჭო“ პირველივე დღიდან უჭერდა მხარს საპროტესტო აქციებს ინგუშეთში, რაც ჩეჩნეთთან სასაზღვრო ხელშეკრულების დადების წინააღმდეგ იყო მიმართული.
აქციები, რომელიც ბოლო ათწლეულების მანძილზე უპრეცედენტო მასშტაბის იყო, 2018 წლის სექტემბერში დაიწყო; ქუჩაში ათობით ათასობით ადამიანი გამოვიდა ამ შეთანხმების წინააღმდეგ. აქციები არა რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების, არამედ ინგუშეთის ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული.
ტეიპები — ერთ სივრცეში მცხოვრები გვარის ან მონათესავე გვარების წარმომადგენლების გაერთიანება — ვაინახი ხალხის (ინგუშებისა და ჩეჩნების) ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
როგორც აქციების მიმდინარეობისას, 2018 წლის ოქტომბერში, „ნეტგაზეთს“ კომენტატორებმა, კარენა ავედისიანმა და ნილ ჰაუერმა უთხრეს, ტეიპები — ეთნიკური და კლანური ქსელები — მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ როგორც დემონსტრაციებში, ასევე, ზოგადად, ადგილობრივი დღის წესრიგის შექმნაში.
დემონსტრაციებისა და სასაზღვრო დავის შესახებ წაიკითხეთ ნეტგაზეთის არქივიდან:
“უპრეცედენტო აქციები ჩრდილოეთ კავკასიაში” — რა ხდება ინგუშეთში?