“სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროში სამხედრო პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე შევიდა. უკვე წელიწადი და ოთხი თვეა, რაც სამინისტროს 2011, 2012 და 2013 წლის საქმიანობას ვსწავლობთ. განცხადებები, რომ პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, არასწორია. დარღვევები აღმოჩნდა, ჩვენ ამ დარღვევების შესახებ საქმის კურსში ვაყენებდით პროკურატურას და ვუგზავნიდით პერიოდულ ანგარიშებს,”– განაცხადა ლაშა თორდიამ.
მისი თქმით, ამ დროისათვის პროკურატურაში 10 საქმის მასალა არის გადაგზავნილი:
“არ ეხება მხოლოდ ირაკლი ალასანიას, ეხება 2011, 2012, 2013 წლებს. ალასანიას პერიოდს ეხება ერთი და ერთზეც არის ინფორმაცია, თუმცა მასში დარწმუნებული არ ვართ, არის თუ არა დანაშაულის ნიშნები, ვინაიდან კიდევ საჭიროებს დამატებით კვლევას.“

ლაშა თორდია ამ მასალების დეტალებზე არ საურობს და ამბობს, რომ მასალას გრიფი საიდუმლო თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნით ადევს:
“როდესაც ჩვენ დავიწყეთ შემოწმება, დაახლოებით 6–7 თვის შემდგომ ჩვენ ასევე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციიდან მოგვივიდა წერილი, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენ გაგვესაიდუმლოებინა ყველა მასალა, რაც შეეხებოდა თავდაცვის სამინისტროს,”– ამბობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი.
ლაშა თორდია ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროში აუდიტის სამსახურს მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია და ჯერ საბოლოო ანგარიში არ არის მომზადებული.
“ძირითადი პრობლემები შესყიდვების ნაწილში იკვეთება და ამ პრობლემაზეა ყველაზე მეტად ყურადღება მისაქცევი,”– ამბობს თორდია.
აუდიტის სამსახურის მიერ მასალების პროკურატურაში გადაგზავნას პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის წევრი, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დავით დარჩიაშვილი ეხმაურება და ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროზე ატეხილი ხმაური პოლიტიკურ ბრძოლას უკავშირდება
“მე არ მგონია, რა დარღვევებზეც არის საუბარი, ამით თავდაცვის სამინისტრო იყოს გამორჩეული შსს-სგან თუ სხვა სამინისტროებისგან. ამანაც გაიჟღერა აუდიტის წარმომადგენლის განცხადებაში და ასე ფოკუსირება მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის სამინისტროზე და ბოლო პერიოდის პოლიტიკური მოვლენები აჩვენებს, რომ აქ პოლიტიკური ინტერესი საკმაოდ მაღალია და პოლიტიკურ ბრძოლას უკავშირდება მაინცდამაინც ამ სამინისტროზე ატეხილი ხმაური,”– ამბობს დავით დარჩიაშვილი.
პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი კი ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის დარღვევებზე პარლამენტის ნდობის ჯგუფში იმსჯელებენ:
“მე კიდევ ერთხელ თავს შევიკავებ განცხადებებისგან. ზოგადად, მაქვს ინფორმაცია, რომ სერიოზული დარღვევები იყო 2011-12 წლებში. 2013 წელთან დაკავშირებით მე უბრალოდ არ შემიძლია განცხადებების გაკეთება, რადგან ეს ნდობის ჯგუფის ფორმატში განიხილება. როდესაც დამთავრდება ნდობის ჯგუფის შეხვედრა, მე თქვენ ვერანაირ კონკრეტულ ინფორმაციას ვერ მოგცემთ. დაგიდასტურებთ იმას თავად ბატონი ლაშას განცხადებებიდანაც, რომ რამდენიმე საქმე პროკურატურაშია გაგზავნილი, რაც 2011-12 წლებს ეხება,”– ამბობს ირაკლი სესიაშვილი.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი კი ამბობს, რომ ხვალ პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრას თავადაც დაესწრება იმ აუდიტორებთან ერთად, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ თავდაცვის სამინისტროს შემოწმებაში.
ლაშა თორდიას განცხადებით, აუდიტის სამსახურს, თავისი არსებობის მანძილზე, თავდაცვის სამინისტრო არ შეუმოწმებია.
თორდია ამბობს, რომ აუდიტის სამსახური რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატს, სოფლის მეურნებობის სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურსა და კიდევ სხვა უწყებებს ამოწმებს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ცნობით, აუდიტორთა ჯგუფები მთავრობის კანცელარიაში, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოში, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე შევლენ.