ახალი ამბები

შეიძლება საქართველოში გეი დრამა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ 2019 წელსვე უჩვენონ

29 მაისი, 2019 •
შეიძლება საქართველოში გეი დრამა „და ჩვენ ვიცეკვეთ“ 2019 წელსვე უჩვენონ

ქართულ-შვედურ გეი დრამას, „და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ“, მაყურებელი საქართველოში, სავარაუდოდ, 2019 წელსვე იხილავს, — განუცხადეს ნეტგაზეთს „კავეაში“, კომპანიაში, რომელიც საქართველოს კინოთეატრების ნაწილს წარმოადგენს.

როგორც ნეტგაზეთს „კავეას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე ფილმის პროდიუსერებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და საქართველოს კინოთეატრები მზად არიან, გაუშვან ფილმი, როგორც კი შემქმნელები დათანხმდებიან.

როგორც კომპანიაში გვითხრეს, ქართული პრემიერა, სავარაუდოდ, 2019 წლის შემოდგომაზე შედგება, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია და მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული.

„ნეტგაზეთს“ კი ფილმის პროდიუსერმა ქეთი დანელიამ უთხრა, რომ ფილმს „ჯერ“ არ უშვებენ საქართველოში და როცა ეს საკითხი გადაწყდება, „აუცილებლად გაიგებს ყველა“.

„და შემდეგ ჩვენ ვიცეკვეთ“ არის შვედეთში მოღვაწე რეჟისორის, ლევან აკინის ქართულ/შვედური წარმოების ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამა, რომლის პრემიერაც კანის კინოფესტივალზე გაიმართა, „რეჟისორის ორკვირეულის“ სექციაში. ფილმი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომლებიც ყველაზე დადებითად შეაფასეს მთელს ფესტივალზე.

როგორც გამოცემა Screen Daily იუწყება, ფილმი უკვე გაიყიდა ესპანეთში, იაპონიასა და მექსიკაში; ასევე, პარიზული გაყიდვების კომპანია Totem-ის გავლით ფილმი გაიყიდა ავსტრიაში, ბალკანეთში, ბენილუქსის ქვეყნებში, დანიაში, ფინეთში, ნორვერგიაში, შვედეთსა და შვეიცარიაში; ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ფილმის გაყიდვაზე დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში.

ინტერვიუ ქართული გეი დრამის მსახიობებთან

მასალების გადაბეჭდვის წესი