რაზე შეთანხმდნენ “ჯორჯიან მანგანეზი” და გაფიცულები – 8 პუნქტი

“ჯორჯიან მანგანეზი” კომპანიასა და ჭიათურის გაფიცვაში მონაწილეთა შორის მიღწეული შეთანხმების დეტალებს აქვეყნებს. კომპანიის თქმით, განცხადება ერთობლივია და ეკუთვნის როგორც “ჯორჯიან მანგანეზს”, ისე დასაქმებულებს.

განცხადების მიხედვით, ეკონომიკის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრების მხარდაჭერით გამართულ შეხვედრაზე “ჯორჯიან მანგანეზმა” და გაფიცვაში მონაწილე თანამშრომლებმა მიაღწიეს შემდეგ შეთანხმებას:

1. “ჯორჯიან მანგანეზი” უზრუნველყოფს მოლაპარაკებების დროს გაცხადებული სტრუქტურული რეფორმების გატარებით თანამშრომელთა ხელფასების გაზრდას ორ ეტაპად, ჯამურად არანაკლებ 35%-ით, კერძოდ, არაუგვიანეს 2019 წლის 01 ივლისისა მოხდება ხელფასის მატება 25%-ით, ხოლო ერთი წლის შემდგომ არაუგვიანეს 2020 წლის 01 ივლისისა მოხდება შემდგომი 10%-იანი მატება, ხელფასის დღეს არსებულ საბაზისო მაჩვენებელზე;

2. “ჯორჯიან მანგანეზი” გააუმჯობესებს და განავითარებს შრომის, უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ ეფექტურ და პრევენციულ ღონისძიებებს;

3. “ჯორჯიან მანგანეზი” დანერგავს კვების ინდივიდუალურად, თითოეული თანამშრომლისათვის დაფინანსების მოდელს, რაც გულისხმობს კვების თვითორგანიზებასა და თითოეული თანამშრომლისათვის თავისუფალი კვების რაციონის – თავისუფალი არჩევანის კომპანიის მხრიდან ფინანსურ მხარდაჭერას;

4. შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, “ჯორჯიან მანგანეზი” აანაზღაურებს საგაფიცვო პერიოდს;

5. “ჯორჯიან მანგანეზი” განაგრძობს საწარმოო ინფრასტრუქტურის განახლებასა და მოდერნიზებას;

6. გაფიცვაში მონაწილე მოშიმშილე პირების გამოჯანმრთელების პერიოდს “ჯორჯიან მანგანეზი” განიხილავს ანაზღაურებად დროებით შრომისუუნარობად და უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას;

7. “ჯორჯიან მანგანეზი” და თანამშრომლები წერილობით გააფორმებენ და დეტალურად აღწერენ შეთანხმებულ საკითხებს;

8. წინამდებარე განცხადებით წარმოდგენილი შეთანხმება ძალაშია და გააჩნია შესასრულებლად სავალდებულო ძალა.

ჭიათურაში გაფიცვა შეწყდა, კომპანია მაღაროელებს ხელფასის მომატებას დაჰპირდა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან