“საქართველოს რკინიგზა” მწუხარებას გამოთქვამს ზესტაფონში სამუშაო ადგილზე მუშების დაშავების გამო.
კომპანიის განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. ამასთან, ისინი თანამშრომლობენ გამოძიებასთან, რის შედეგადაც დადგინდება შემთხვევის გამომწვევის ზუსტი მიზეზები.
“საქართველოს რკინიგზა მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულებსა და მათ ოჯახებს”, – აცხადებს კომპანია.
რკინიგზის ცნობით, დღეს ზესტაფონში, “საქართველოს რკინიგზის” დასავლეთის სალიანდაგო სამმართველოს საწყობში, მოხდა უბედური შემთხვევა და სამუშაოს შესრულების დროს, მარაგი ნაწილების ჩამოშლის შედეგად, სხეულის დაზიანება მიიღო რკინიგზის ორმა თანამშრომელმა – სახელოსნოს მჭედელმა მიხეილ ბებიაშვილმა და ხელოვნური ნაგებობების ბრიგადირმა მერაბ ნებიერიძემ. დაშავებულებს გაუწიეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანეს საავადმყოფოში.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.