ახალი ამბები

დიასპორის სამინისტრო ირაკლი ვაჭარაძის წინაღმდეგ chiti.ge-ს იმოწმებს

13 ნოემბერი, 2014 • • 1613
დიასპორის სამინისტრო ირაკლი ვაჭარაძის წინაღმდეგ chiti.ge-ს იმოწმებს

სახელმწიფო მინისტრის პასუხის თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოყვანილი ციტატები კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი  და ინტერვიუს ძირითად არსს ამახინჯებს.

 

“ინტერვიუში საუბარია იმაზე, რომ ბატონი ირაკლი ვაჭარაძე იყენებს დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ ფრაზეოლოგას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი მეთაურის მიმართ და  უწოდებს მას საქართველოს მტერს. ამან შეიძლება გამოიწვიოს დიდი მღელვარება  მორწმუნე ადამიანების მხრიდან და შესაძლებელია ვინმე ფიზიკურადაც გაუსწორდეს მას, ამიტომ ჯობია მისი გამონათქვამების გამო მოხდეს კანონისმიერი რეაგირება, სანამ ხალხი თვითონ აღასრულებს სამართალს. ხოლო ამის შემდეგ ჟურნალისტის კითხვაზე, პირადად თვითონ რას იზამს მსგავს სიტუაციაში, პასუხს სცემს, რომ არ იცის, თუმცა დასძენს, რომ მას აქვს თმენის ვალდებულება. ბოლო ფრაზა ნათლად ადასტურებს, რომ ბატონ ბრეგაძეს კარგად აქვს გათვითცნობიერებული ის ვალდებულებები, რაც მას, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს (და არა საჯარო მოხელეს, როგორც ეს თქვენს წერილშია) ეკისრება”- ნათქვამია პასუხში.

 

სანდრო (ალექსანდრე) ბრეგაძემ  “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ  საგაზეთო ინტერვიუში,  ვიგინდარა, მანქურთი და არარაობა უწოდა არასამთავრობო ორგანიზაცია “იდენტობის”  ხელმძღვანელს  ირაკლი ვაჭარაძეს ილია მეორის კრიტიკის გამო.

 

 

“ავადმყოფური აზროვნების ადამიანები”, “ერთუჯრედიანი არსება”, “არარაობა”, “ვიგინდარები” “ძლოკვები და ერთუჯრედიანი ჭიები” – ეს ტერმინებიც გამოიყენა მინისტრის მოადგილემ ირაკლი ვაჭარაძის მიმართ, რასაც არასამთავრობო სექტორის რეაგირება მოჰყვა. 13-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საჯარო მოხელის, მით უმეტეს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ამგვარი განცხადებები სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ახალისებს განსხვავებული აზრის მიუღებლობას, ფიზიკურ ანგარიშსწორებას და ემსახურება არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დისკრედიტაციას. მეტიც, NGO-ები მიიჩნევენ, რომ ბრეგაძის ინტერვიუ, ასევე, მოწოდებას შეიცავს ვაჭარაძის ფიზიკური ანგარიშსწორებისკენ, როდესაც მინისტრის მოადგილე ამბობს – “გამოჩნდება ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ემოციურ ფონზე თავად გამოიყენებს ძალას”.

 

სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ მისი მოადგილის ამგვარი შეფასებები ირაკლი ვაჭარაძის ერთი კონკრეტული ფრაზით არ იყო განპირობებული და “ირაკლი ვაჭარაძე გამოირჩევა მართლმადიდებლური აღმსარებლობის და ამ აღმსარებლობის  მქონე საქართველოს მოქალაქეების მიმართ შეუწყნარებლობით”, რის დასადასტურებლადაც, სხვადასხვა წყაროს გარდა, პასუხში მითითებულია ვაჭარაძის მიერ სატირულ-იუმორისტული ვებ-გვერდის “chiti.ge”-ს მიერ გამოქვეყნებული მასალის გაზიარება ფეისბუქში.

 

პასუხიდან ირკვევა, რომ სანდრო ბრეგაძე თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებს.

 

“ბატონი სანდრო გახლავთ პატრიოტი პროფესიონალი და საქმისთვის თავდადებული ადამიანი  და იგი თავის ცოდნით და გამოცდილებით გააგრძელებს იმ უფლებამოსილებათა შესრულებას, რაც მას ამჟამად აკისრია”,- ნათქვამია პასუხში.

 

პასუხის ასლი დეიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო საგენტოს გადაუგზავნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი