მწერალი ბექა ადამაშვილი საქართველოდან ევროპის ლიტერატურული პრიზის მფლობელი გახდა რომანისთვის “ამ რომანში ყველა კვდება”. მას ჯილდოდ 5 000 ევროს გადასცემენ.
ბექა ადამაშვილი პროფესიით ჟურნალისტია, თუმცა ამჟამად სარეკლამო სფეროში მუშაობს. ის კომპანია “ლივინგსტონის” კრეატიული დირექტორია. 2014 წელს გამოსცა პირველი რომანი “ბესტსელერი”.
“იუმორის გრძნობა და მსოფლიო ლიტარატურის სიღრმისეული ცოდნა, მარკეტინგულ და სარეკლამო უნარებთან ერთად, ბექა ადამაშვილის პროზას უაღრესად სახალისოს ხდის. ის ძალიან ხშირად იყენებს ალუზიებს კლასიკური ლიტერატურიდან და ხანდახან პერსონაჟებიც კი გადმოაქვს თავის ნაწარმოებებში.
კრიტიკოსები აცხადებენ, რომ ბექა ადამაშვილი ერთ-ერთი ყველაზე კრეატიული ავტორია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. გარდა ნაწარმოებების შექმნისა, ის კრეატიულ დირექტორად მუშაობს ლივინგსტონში – ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სარეკლამო კომპანიაში, რომელიც ევროპაში დაფასებული ბრენდია”, – წერს ბექა ადამაშვილსი შესახებ ევროპის ლიტერატურული პრიზის ვებსაიტი.
ევროპის ლიტერატურული პრიზის მოსაპოვებლად “შემოქმედებითი ევროპის” პროგრამაში მონაწილე ქვეყნებისთვის კონკურსი 2019 წლის თებერვალში გამოცხადდა.
წიგნის გამავრცელებელთა ევროპულმა და საერთაშორისო ფედერაციამ, ევროპის მწერალთა საბჭომ და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციამ, ევროპული კომისიის ორგანიზებით, ლიტერატურული კონკურსი გამოაცხადა მწერლებისთვის, რომლებსაც ერთი ან რამდენიმე წიგნი უკვე ჰქონდათ გამოქვეყნებული, მაგრამ სალიტერატურო კრიტიკისა და ფართო მკითხველის ფოკუსში ჯერ არ იყვნენ მოხვედრილი.
2019 წლის პრიზის მოსაპოვებლად 14 ქვეყანა შეარჩიეს: ავსტრია, ფინეთი, საფრანგეთი, საქართველო, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლიეტუვა, რუმინეთი, პოლონეთი, საბერძნეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა. საქართველო და უკრაინა აღნიშნულ კონკურსში პირველად მონაწილეობდნენ მიუხედავად იმისა, რომ პრემია მეთერთმეტედ გაიცა.
კონკურსში მონაწილე თითოეულ ქვეყანაში შეიქმნა სპეციალური ჟიური, რომელმაც გამარჯვებული გამოავლინა.
საქართველოში შეირჩა 5-კაციანი ჟიური შემდეგი შემადგენლობით: ნატალია ლომოური, მედეა მეტრეველი, თინათინ ბერიაშვილი, პაატა შამუგია და დათო ბარბაქაძე.
გამარჯვებული გამოვლინდა კონკურსში მონაწილე თოთხმეტივე ქვეყანაში. ფულადი ჯილდოს მიღების გარდა, გამარჯვებული ავტორების ტექსტები გამოქვეყნდება ერთ კრებულად და გამოიცემა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.