ახალი ამბები

“ლუფთჰანზამ” თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით კიდევ ორი რეისი დაამატა

22 მაისი, 2019 •
“ლუფთჰანზამ” თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით კიდევ ორი რეისი დაამატა

„ლუფთჰანზამ“ თბილისი-მიუნხენის (გერმანია) მიმართულებით ორი ავიარეისი დაამატა და მგზავრებს ამ მიმართულებით, ჯამში, 9 ყოველკვირეულ რეისს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული ავიაკომპანიის წარმომადგენელი ავრცელებს.

სამშაბათსა და შაბათს დაგეგმილ დილის რეისებთან ერთად (გამგზავრების დრო: 05:05), ხელმისაწვდომი იქნება მეორე, შუადღის რეისიც. აღნიშნული ფრენა 15:55 საათზე შესრულდება თანამედროვე ეარბას A320 თვითმფრინავით, რომელიც მიუნხენის ჰაბში 18:00 საათზე ჩაფრინდება. სამშაბათსა და შაბათს, 09:00 საათზე ასევე ხელმისაწვდომია ავიარეისები მიუნხენი-თბილისის მიმართულებით. 

როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, დამატებითი რეისებით უფრო დიდ არჩევანს სთავაზობს მგზავრებს – განსაკუთრებით კი მათ, ვინც მიუნხენის გავლით ევროპაში, აზიასა თუ ჩრდილოეთ ამერიკაში მიემგზავრებიან.

„ლუფთჰანზას“ მგზავრებს მიუნხენიდან მსოფლიოს 46 ქვეყნის 140 მიმართულებით შეუძლიათ გადაადგილება.

თბილისიდან ორი ახალი ავიარეისის დამატება აღნიშნულ რეისზე მგზავრების ნაკადის 14%-იანი ზრდის გამო გადაწყდა.

დამატებითი რეისები ეხმაურება მგზავრების დიდ მოთხოვნას, რომელსაც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა და თბილისისა თუ რეგიონების მასშტაბით ვიზიტორების მზარდი რაოდენობა განაპირობებს”, – აღნიშნა შტეფან კროიცფეინტერმა, „ლუფთჰანზას“ გაყიდვების ვიცეპრეზიდენტმა ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, 22 მაისს, თბილისში ოფიციალური ვიზიტის დროს.

თბილისი-მიუნხენისა და მიუნხენი-თბილისის რეისის ბილეთის ფასი 791 ლარიდან იწყება, ხოლო მიუნხენის გავლით თბილისი-ნიუ იორკის რეისის ბილეთის ფასი –  2 274 ლარიდან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი