ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი ამბობს, რომ ტვირთბრუნვის დაზღვევისთვის საჭირო თანხის გარკვეული ნაწილი შესაძლოა ევროკავშირის ერთ-ერთი ფონდიდან იქნას მოძიებული.
მისივე თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდება და მასში ჩართული, ბანკებთან ერთად, საქართველოს მთავრობაც იქნება.
ანაკლიის პორტის მშენებელი კომპანია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროც აცხდებენ, რომ ე. წ ფინანსური დახურვის პროცესი გადავადდება, თუმცა ჯერ უცნობია,, რა ახალი ვადა მიეცემა კონსორციუმს 400 მლნ აშშ დოლარის მოსაძიებლად. ფინანსური დახურვა 15 ივნისსს უნდა მომხდარიყო.
“ძალიან შედეგიანი შეხვედრები გვქონდა. 8 პრინციპული საკითხიდან 7-ზე შეთანხმება პრინციპში მიღწეულია. დარჩა ერთი და მთავარი საკითხი, რომელიც ტვირთების დაზღვევას ეხება. აქ ალტერნეტიულ ვარიანტზე იქნება საუბარი. ამ საკითხზე შეთანხმება ჯერ არ მომხდარა, მაგრამ არის ალტერნატიული ვერსიები, მექანიზმები, რომელთა გამოყენებაც შეიძლება. მათ შორის, ევროკავშირის ერთ-ერთი ფონდის მეშვეობით. ჩვენ ამ ალეტერნატიული ვარიანტის შემუშავებაზე ვიმუშავებთ და უახლოეს მომავალში დამატებითი განხილვები იქნება ამ საკითხზე. არსებობს ევროკავშირის ფონდი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ამ მექანიზმის დასაზღვევად. ეს არ გულისხმობს იმას, რომ მთავრობა ამ ნაწილში ჩართული არ იქნება, თუმცა ნიუანსებზე ჩამოყალიბებული ჯერ არ ვარ”, – აცხადებს ლევან ახვლედიანი.
მთავრობა ანაკლიის პორტის ტვირთბრნუნვაზე პასუხისმგებლობის აღებას არ აპირებს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, 12 მაისს, ფინანსთა სამინისტროში გაიმართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
რადგან სესხის დაფარვისთვის საჭირო თანხა კონსორციუმმა პორტის ოპერირებიდან მიღებული შემოსავლით უნდა გადაიხადოს, 4 ბანკი ითხოვს, რომ ტვირთების რისკის დაზღვევა ბიუჯეტის ხარჯზე მოხდეს.
დღევანდელ შეხვედრას მთავრობის, ანაკლიის კონსორციუმისა და EBRD-ის (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი), OPIC-ის (კერძო საინვესტიციო კორპორაცია), ADB-ის (აზიის განვითარების ბანკი), AIIB-ის ( აზიის ინფრსტრუქტურის საინვესტიციო ბანკი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც მაჭავარიანი ამბობს, ტვირთბრუნვის რისკი თავად პორტის მშენებელმა კონსორციუმმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე.
“ერთი საკითხი, სადაც ჩვენ მეტ დათმობაზე ვეღარ მივდივართ, ეს არის კომერციული რისკების დაზღვევა. მინდა კარგად გავმიჯნო- არსებობს ფორსმაჟორი, გარემოსთან დაკავშირებული და საკანომდებლო რისკები. ყველა ამ რისკზე ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციული ვართ. რაც შეეხება საკუთრივ ბიზნესრისკს, არასწორად მიგვაჩნია ამ რისკის აღება. ამის მიუხედავად, მაინც პოზიტიურად ვარ განწყობილი და, ვფიქრობ, მოლაპარაკებების კიდევ რამდენიმე რაუნდი გაიმართება,” – აცხადებს მაჭავარიანი.
როგორც ის ამბობს, კომერციულად რამდენად მომგებიანი იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ამასთან დაკავშირებით კითხვები იმ ბანკებსაც აქვს, ვისგანაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ცდილობს 400 მლნ აშშ დოლარის სესხი მიიღოს და სწორედ ამიტომ ითხოვენ საფინანსო ინსტიტუტები კომერიცული რისკების დაზღვევას.
“ისინი სრულად კონფორტულად არ გრძნობენ თავს იმ ბიზნესმოდელში, რაც კონსორციუმს აქვს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ გავიყვანოთ რკინიგზა, პორტამდე მისასვლელი საავტომობილო გზა გაკეთდეს, მიწების გამოსყიდვაში დავეხმაროთ, ასევე, 100 მლნ აშშ დოლარს გამოვუყოთ [ანაკლიის განვითარების კონსორციუმს], ეს ყველაფერი ძალაშია. ამას გარდა, კიდევ წავედით ბევრ შემხვედრ ნაბიჯზე. თუ მთლიანად ამ პროექტის მნიშვნელოვანი რისკის სახელმწიფოზე გადმოტანა მოხდა, მაშინ კომერციული კომპონენტი სად არის?!” – ამბობს მაჭავარიანი.