ახალი ამბები

ყალბი პროდუქცია ამოიღეს ლილოში ერთ-ერთი საწარმოდან – Massimo Dutti-ის წარმომადგენლობა

21 მაისი, 2019 •
ყალბი პროდუქცია ამოიღეს ლილოში ერთ-ერთი საწარმოდან – Massimo Dutti-ის წარმომადგენლობა

საქართველოში Massimo Dutti-ის წარმომადგენლობამ ნეტგაზეთს მიაწოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, შემოსავლების სამსახურს ყალბი პროდუქცია არ ამოუღია Massimo Dutti-ს ბრენდ-მაღაზიებიდან, არამედ შემთხვევა ეხებოდა ერთ-ერთი ინდმეწარმის ლილოში მდებარე საწარმოს, სადაც ხდებოდა ყალბი პროდუქციის კერვა, ეტიკეტირება და რეალიზაცია. 

“ფაქტის გამოვლენის შემდეგ  საქართველოში Massimo Dutti-ს წარმომადგენლობამ თავად მიმართა წერილობით  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს და სთხოვა რეაგირება, რის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა მოახდინა ინდმეწარმის მიერ სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენების ფაქტის დადგენა და ყალბი პროდუქციის კონფისკაცია. 

თბილისში Massimo Dutti-ს პირველი მაღაზია 2012 წელს გაიხსნა. დღესდღეობით დედაქალაქში არსებული სამივე მაღაზია წარმოადგენს ბრენდის ოფიციალურ ფრანჩაიზ ობიექტს და მათ ოპერირებას უწევს Master Retail Georgia, მოდის საცალო ვაჭრობის საერთაშორისო ჯგუფ Alhokair Fashion Retail-ს წევრი”, – აცხადებს Master Retail Georgia.

ნეტგაზეთი დილიდან ცდილობდა შემოსავლების სამსახურისგან მიეღო ინფორმაცია, კონკრეტულად საიდან ამოიღეს ყალბი პროდუქცია, თუმცა უწყებამ განგვიცხადა, რომ ამით გამჟღავნდებოდა მეწარმის “კომერციული საიდუმლოება”.

“შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, გარდა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონლის შესახებ ინფორმაციისა, შეიცავს იმავე მეწარმე სუბიექტის შესახებ საგადასახადო საიდუმლოების შემცველ მონაცემებს. კერძოდ: მეწარმე სუბიექტის მიმართ ჩატარებული საგადასახადო კონტროლის ღონისძიებისა და შედეგად მის მიმართ შეფარდებული საგადასახადო სანქციის შესახებ ინფორმაციას.

შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის, კერძოდ, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი სუბექტის შესახებ ინფორმაციის გაცემა ავტომატურად გამოიწვევს ამავე პირის შესახებ საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნებას. ამდენად, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნა”, – განუცხადეს ნეტგაზეთს შემოსავლების სამსახურში.


როგორც უწყებამ დღეს, 20 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოში “Massimo Dutti-ის” წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, დაგეგმეს კონტროლის ღონისძიებები. აღნიშნულის შედეგად მათ 23 640 ლარის ღირებულების სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული საქონელი გამოავლინეს.

ამასთანავე, როგორც შემოსავალების სამსახური აცხადებს, ინვენტარიზაციის პროცედურის დროს ობიექტში ფაქტობრივად აღირიცხა 23 640 ლარის ღირებულების საქონელი, რომელიც საქართველოში “Massimo Dutti-ის” წარმომადგენლის დასკვნის საფუძველზე, აღმოჩნდა სხვისი სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა აღნიშნული საქონელი ამოიღო ბრუნვიდან, ხოლო საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი