ახალი ამბები

თბილისში ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

21 მაისი, 2019 • 1271
თბილისში ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც დედაქალაქს 2.3 მილიონი ლარი დაუჯდა, დასრულებულია.

როგორც მერია აცხადებს, საბჭოთა კავშირის პერიოდში დედაქალაქში აშენდა მსგავსი კონსტრუქციის 11 ხიდი, რომელთაგან ათი უკვე აღარ არსებობს. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარე წლის 27 იანვრიდან დაიწყო. სამუშაოების განხორციელების დროს გამოვლინდა სხვა დაზიანებებიც, რომლებიც დასაწყისში ვიზუალურად არ ჩანდა, თუმცა რეაბილიტაცია ამ მიმართულებითაც განხორციელდა.

“უნიკალურია რეაბილიტაციის ტექნოლოგიური ნაწილი – ხიდი (კონსტრუქცია) სპეციალური დომკრატებით აიწია და დაზიანებული საყრდენები გამოიცვალა. მოეწყო ასფალტის ახალი საფარი, ახალი რკინა-ბეტონის თვალამრიდები, სანიაღვრე სისტემა, ჰიდროიზოლაცია და სადეფორმაციო ნაკერები; მოაჯირები შეიღება სპეციალური საღებავით, რაც მისი ექსპლუატაციის ხანგრძლივობას უზრუნველყოფს; დასრულდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათების ქსელის მოწყობა LED სანათებით და საჰაერო კომუნიკაციები გზის საფარის ქვეშ მოექცა. პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია განაპირა ბურჯების ფილით მოპირკეთება, რათა მდგრადობასთან ერთად, ხიდის ვიზუალიც შესაბამისი იყოს”, – აცხადებს თბილისის მერია.

ხიდის რეაბილიტაციასთან ერთად, გამწვანდა მიმდებარე ტერიტორიაც. ხიდზე ტრანსპორტის ორმხრივი მოძრაობა უკვე აღდგენილია. გზა დაახლოებით 10 დღეში, ასფალტის საფარის სრულად გაშრობის შემდეგ, დაიხაზება.

მასალების გადაბეჭდვის წესი