ახალი ამბები

ქვეყნის კურსის შეფასება რეკორდულად დაბალია – NDI-ის კვლევა

21 მაისი, 2019 • 992
ქვეყნის კურსის შეფასება რეკორდულად დაბალია – NDI-ის კვლევა

NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ამავე კვლევის თანახმად, უმეტესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. ეს მაჩვენებელი წინა წლის მონაცემებთან შედარებით 8 პუნქტითაა გაზრდილი. საპირისპირო აზრს გამოკითხულთა 25% იზიარებს, ხოლო 26%-ს მიაჩნია, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.

რაც შეეხება ქალაქების მიხედვით ჩაშლას, კვლევის თანახმად, თბილისსა და პატარა ქალაქებში უფრო მეტია იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ამბობს, რომ საქართველო არასწორად ვითარდება. ხოლო სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან დასახლებებში, პირიქით – უმეტესობას მიაჩნია, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

გარდა ამისა, გამოკითხულთა უმეტესობა – 56% საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. დადებითი შეფასება მთავრობის საქმიანობას 36%-მა მიანიჭა, ხოლო 7%-მა კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ დაასახელა.

რაც შეეხება ქალაქების მიხედვით დაყოფას, იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც მთავრობა უარყოფითად შეაფასა, დიდ ქალაქებში უფრო მეტია, ვიდრე პატარა ქალაქებსა თუ სოფლებში. სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან დასახლებებში კი პირიქით, მოსახლეობის დიდი ნაწილი მთავრობის საქმიანობას დადებითად აფასებს.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 927 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა ასევე წარმომადგენლობითია აზერბაიჯანული და სომხური დასახლებებისთვის. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.3 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი