ახალი ამბები

რჩევა ქალბატონ სანდრას: მიხედოს მეუღლეს – ღარიბაშვილის სექსისტური გზავნილები

20 მაისი, 2019 • 2336
რჩევა ქალბატონ სანდრას: მიხედოს მეუღლეს – ღარიბაშვილის სექსისტური გზავნილები

“მე მინდა ერთი რჩევა მივცე ქალბატონ სანდრას, რომელიც ჩვენი კანდიდატის ოპონენტი იყო: დაისვენეთ, მე მას ვურჩევდი, რომ მიხედოს თავის მეუღლეს და ჩვენ მივხედავთ ქვეყანას”, – ეს განცხადება იმედის ეთერში “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ექსპრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

მან მიხეილ სააკაშვილის კრიტიკისას სექსისტური შეფასებები გამოიყენა სანდრა რულოვსის მისამართით. ღარიბაშვილის თქმით, “მიხეილ სააკაშვილმა ბრძოლაში მეუღლე გამოუშვა”:

“ჩემთვის ის ფაქტი, რომ ამ ადამიანმა მისი ცოლი, მეუღლე გამოუშვა ამ ბრძოლაში, მე მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია. ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი გამოიტანს შემდეგ დასკვნას, რომ ეს ადამიანი ისევე როგორც იქცეოდა 2008 წლის ომში, როდესაც მან მთელი ქვეყნის სირცხვილი აჩვენა მთელ მსოფლიოს, როგორც მხდალმა პოლიტიკოსმა, მან იგივე გაიმეორა ამ შემთხვევაშიც. წარმოიდგინეთ, არჩევნებში გამოუშვა თავისი მეუღლე, წარმოიდგინეთ, და ახლა უფრო უარესიც: ყველამ ვნახეთ, რომ ის მთელ მსოფლიოში მოგზაურობს, გადაადგილდება, საკმაოდ ფუფუნებაში ცხოვრობს და ამავდროულად თავის ამომრჩევლებს მოუწოდებს, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩათ, რომ წავიდნენ გარკვეულ დესტრუქციასა და დაძაბვაზე. ეს, ცხადია, არის მიუღებელი და სასაცილო. ის დაადგა მარგინალიზაციის გზას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი