“ნათელია, რომ ბატონი ივანიშვილი ჩართული იყო საქართველოში განვითარებულ ბოლო პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ არ ვფიქრობ, რომ ივანიშვილი ქვეყნის მართვაში ყოველდღიურ რეჟიმში მონაწილეობს, მე ველი, რომ უმთავრეს გადაწყვეტილებებში ის გარკვეულ როლს თამაშობს”, – ეს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩევლის, ამერიკელი ანალიტიკოსის, ლინკოლნ მიტჩელის სიტყვებია. ასე შეაფასა მან “ნეტგაზეთთან” ბოლოდროინდელ პროცესებში ექსპრემიერის შესაძლო მონაწილეობა.
ივანიშვილი მის მიერ დაფუძნებული კოალიციის საქმიანობაში ერევა, თუ ქვეყნის მმართველობის საქმეში?
ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ბიძინა ივანიშვილი ჯერ საპარლამენტო უმრავლესობისა და ირაკლი ღარიბაშვილის იმ შეხვედრას დაესწრო, რომლის შემდეგაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თანამდებობიდან გადააყენეს, ხოლო მეორე დღეს ასევე მივიდა კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შეკრებაზე და შეკითხვები დაუსვა ირაკლი ალასანიას, რომელმაც განაცხადა, რომ იქ ივანიშვილთან სასაუბროდ არ იყო მისული და შენობა დატოვა. ეს ყველაფერი ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის და ქვეყნის მართვაში არჩარევის დაპირების გაცემის ზუსტად ერთი წლის თავზე ხდება.
არღვევს თუ არა პირობას და ერევა თუ არა მოქალაქე ივანიშვილი კოალიციის საქმიანობასა და ქვეყნის მართვაში? – ამ კითხვას პასუხს არ სცემს, თუმცა პროცესზე გარკვეულ წარმოდგენას ქმნის დეპუტატ გოგი თოფაძის რეაქცია, რომელმაც სხდომებში ივანიშვილის მონაწილეობა დამალა და “ნეტგაზეთთან” თქვა, რომ ექსპრემიერი “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში არ ყოფილა, მაშინაც კი, როცა მოგვიანებით ეს ფაქტი სხვა დეპუტატებმა დაადასტურეს.
მეორე დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი, რომელსაც ჩვენ ვესაუბრეთ, იმაში, რომ პოლიტიკიდან წასული ივანიშვილი უმრავლესობასთან შეხვედრაში მონაწილეობდა, პრობლემას ვერ ხედავს. კითხვას, რა სტატუსით ესწრებოდა ექსპრემიერი სხდომას, იგი პასუხობს: “ბატონი ბიძინა არის ჩვენი, უმრავლესობის დიდი გულშემატიკვარი, ჩვენი მხარდამჭერი, დიდი ავტორიტეტი აქვს, ყოფილი პრემიერია.”
კიდევ რამდენიმე ეპითეტს ამატებს დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე, რომელმაც გვითხრა, რომ ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნების” შემკვრელი და დამფუძნებელია”.
მეოთხე დეპუტატი თინა ხიდაშელი კი აცხადებს, რომ მონაწილეობა კოალიციურ საქმიანობასა და სახელმწიფოს მართვაში ორი სხვადასხვა რამაა, რაც კარგად უნდა გაიმიჯნოს.
“ეს არის ორი სრულიად განსხვავებული ამბავი, რომლის აღრევაც ხდება ქვეყანაში. კოალიციის შეკრებას შეიძლება ესწრებოდეს ნებისმიერი. და კითხვები იმაზე, მეც ხომ მოქალაქე ვარ და მე რატომ არ დამასწრეს რიგით მოქალაქის სტატუსით, ძალიან არაადეკვატურია იმიტომ, რომ ვინმე რიგით მოქალაქეებს არ დაუფუძნებიათ ეს კოალიცია. კოალიცია დააფუძნა ბიძინა ივანიშვილმა ორ პოლიტიკურ ძალასთან ერთად და ამიტომ ესწრებოდა მას ბიძინა ივანიშვილი. მეორე საკითხია ის, როცა სახელისუფლებო შეკრებებია და სახელისუფლებო გადაწყვეტილებების მიღება ხდება. ეს სრულიად სხვა ფორმატია. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ არც ერთხელ ასეთი ტიპის შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი არ მინახავს ამ ერთი წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ბევრ შეკრებას ვესწრები”, – ამბობს ხიდაშელი.
ბიძინა ივანიშვილმა 8 ნოემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ უმრავლესობის წევრებს მაშინაც შეხვდა, როცა პარლამენტი ანტიდისკრიმინაციულ კანონს განიხილავდა.
საინტერესო მოცემულობას ქმნის ის ფაქტი, რომ ივანიშვილის საპარლამენტო უმრავლესობასთან ყოფნა დროში დაემთხვა ღარიბაშვილის მიერ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების დეკლარირებას ტელევიზიით, რაც აჩენს კითხვას, სად გადის ზღვარი ექსპრემიერის მონაწილეობაში “ქართული ოცნების” პარტიულ საქმიანობასა და სახელისუფლებო საკადრო გადაწყვეტილებებს შორის, რადგან როგორც ხელისუფლების, ასევე “ქართული ოცნების” სათავეში ამ დროისთვის ერთი და იგივე ადამიანი, მისი კადრი ირაკლი ღარიბაშვილი დგას. მაგალითად, თინა ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების ჩამოყალიბებაში, რომელიც პრემიერმა მიიღო, ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობდა რაიმე ფორმით, თუმცა იგი ამაში პრობლემას ვერ ხედავს:
“ირაკლი ღარიბაშვილი ვისგან მიიღებს რჩევებს, ეს მისი გადასაწყვეტია. ჩემთვის მთავარია, რომ ხელისუფლებაში გადაწყვეტილების მიმღებივე იღებდეს მასზე პასუხისმგებლობას”, – ამბობს იგი.

ივანიშვილის რჩევის წონა
ბიძინა ივანიშვილის რჩევებს რომ დიდ ყურადღებას აქცევს, ეს თავად ირაკლი ღარიბაშვილსაც დაუდასტურებია. ექსპრემიერის რჩევა, რომელსაც ის ღარიბაშვილს მისცემს, მხოლოდ რჩევაა, ბიძინა ივანიშვილის იმ სტატუსიდან და ავტორიტეტიდან გამომდინარე, რის გამოც კოალიციის წევრებს ექსპრემიერის მონაწილეობა კოალიციურ შეხვედრებში არ უკვირთ? – ამ კითხვას თინა ხიდაშელი პასუხობს, რომ იგი ამ შემთხვევაში არასწორი ადრესატია და ირაკლი ღარიბაშვილის ნაცვლად პასუხს ვერ გაგვცემს.
სამაგიეროდ ამ შეკითხვაზე თავიანთი პასუხები აქვთ ანალიტოკოსებს, რომელთაც “ბათუმელები” ესაუბრა: კორნელი კაკაჩიას და გრიგოლ გეგელიას. ორივე მათგანი თვლის, რომ ღარიბაშვილს ივანიშვილის რჩევების არგათვალისწინება გაუჭირდება.
“უნდა გავითვალისწინოთ ის ურთიერთობა, რომელიც ღარიბაშვილსა და ივანიშვილს ჰქონდათ მანამ, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. ეს იყო უფროსისა და ხელქვეითის დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი გახდა, ჩემი აზრით, ეს დიდად არ შეცვლილა, რადგან მან მშვენივრად იცის, რომ ივანიშვილის გარეშე ამ პოსტს ვერ მიაღწევდა. აქედან გამომდინარე, ის ვალდებულად თვლის თავს, რომ მისი მადლობელი იყოს. შესაბამისად, ჩემი ვარაუდით, ახლაც არსებობს ეს დაქვემდებარებული ურთიერთობა. დიდი შანსია, რომ პრემიერი ექსპრემიერის რჩევების უმრავლესობას ითვალისწინებდეს. თუ გავიხსენებთ იგივე ღარიბაშვილის სიტყვებს ივანიშვილის შესახებ, რომ ის ბრძენი კაცია, ქართული დენ სიაოპინის ვარიანტი გამოდის, რომელმაც ყველაფერი იცის და მისი აზრების მიხედვით უნდა იმართებოდეს ქვეყანა”, – აცხადებს კაკაჩია, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს წლებია აკვირდება.
“პრემიერი ღარიბაშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც იღებს, ან ვისაც გააჩნია პოტენციალი – მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები. ის საქართველოს რეალური მმართველის საჯარო სახე და სპიკერი უფროა, ვიდრე საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ცხადია, ღარიბაშვილი არასდროს არ მოისურვებს ივანიშვილთან შეწინააღმდეგებას. სწორედ ამიტომ დაინიშნა საქართველოს პრემიერად ის”, – ამბობს გრიგოლ გეგელია, ევროპის უნივერსიტეტის ინსტიტუტის დოქტორანტი პოლიტიკური იდეების ისტორიის სპეციალობით.
ივანიშვილის უარყოფა
თვითონ ბიძინა ივანიშვილი კატეგორიულად უარყოფს, რომ იგი ხელისუფლებას კულუარებიდან მართავს. მან ასეთი მოსაზრების გამოთქმის გამო პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გააკრიტიკა პირველი არხის ეთერით. ივანიშვილის თქმით, მთავრობისა და პირადად მისი შეურაცხყოფაა ასეთ ქმედებაში დადანაშაულება. თუმცა ყოფილი პრემიერი ადასტურებს, რომ ღარიბაშვილი რჩევებისთვის უკავშირდება ხოლმე, ახლა უკვე ნაკლები ინტენსივობით.
“ახლა ნაკლებს მაწუხებს [ღარიბაშვილი], თუ ადრე კვირაში ერთხელ მირეკავდა, ახლა შეიძლება ორი თვე გავიდეს და არ დამირეკოს”, – აცხადებს ივანიშვილი და დასძენს, რომ მას ხელში ჰქონდა მართვის ლეგიტიმური ბერკეტები, რომელიც საკუთარი ნებით დათმო და ახლა გაუგებარია, რაში უნდა სჭირდებოდეს კულისებიდან მართვა.
იმის, რომ ივანიშვილი პოლიტიკური პროცესიდან მართლაც მთლიანადაა გასული, არ სჯერათ კორნელი კაკაჩიას და გრიგოლ გეგელიას. უმთავრესი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ივანიშვილის შესაძლო როლზე მისი ყოფილი მრჩეველი ლინკოლნ მიტჩელიც გამოთქვამს ვარაუდს.
“დემოკრატიულ წყობილებაში არაფორმალური ძალაუფლების არსებობა პრობლემურია, რადგან ადამიანები ოფიციალური პოზიციების გარეშე ნაკლებად ანგარიშვალდებულები არიან ამომრჩევლის მიმართ. თუმცა მოსაზრება, რომ ივანიშვილი სცენის უკნიდან მართავს თასმებით, ასევე გადაჭარბებულია, რადგან ის და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი დიდი ხნის პოლიტიკური მოკავშირეები არიან, რომლებიც საკითხების უმრავლესობაზე ისედაც თანხმდებიან”, – უთხრა მიტჩელმა “ნეტგაზეთს”.
კორნელი კაკაჩიას თქმით კი, არაფორმალური გავლენები ქვეყნის მმართველობს პროცესზე სახელმწიფო ინსტიტუტების რყევას იწვევს. იგი ვარაუდობს, რომ ივანიშვილი ერთგვარ წაუგებელ თამაშს თამაშობს, როდესაც პირდაპირი პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს, თუმცა გავლენას ინარჩუნებს უმნიშვნელოვანეს ბერკეტებზე.
“ჩვენ ასევე არ ვიცით, სხვა დროსაც ხდება ხოლმე თუ არა ჩარევა, გადის თუ არა მასთან კონსულტაციებს პრემიერი და კოალიცია. სავარაუდოდ, ეს ასეც ხდება. ეს ძალიან ცუდია იმ გაგებით, რომ მთლიანობაში არყევს სახელმწიფო ინსტიტუტებსა და დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნისთვის. ეს აშკარად უკან დახევაა იმ მიღწევებიდან, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს მეტ-ნაკლებად ჰქონდა”, – აცხადებს კაკაჩია.
გრიგოლ გეგელიას აზრით კი, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნების” საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული, რადგან ეს პარტია მისია, ამიტომ გაუგებარია, რატომ შეიძლებოდა ვინმეს იმის ილუზია ჰქონოდა, რომ ოდესმე ეს პოლიტიკური ძალა ბიძინა ივანიშვილის გავლენის მიღმა იარსებებდა, ან მომავალში იარსებებს. მაგრამ, მისივე თქმით, პარტია და სახელმწიფო განსხვავებული რამაა – სახელმწიფო უნდა იმართებოდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ, ქართველი ელექტორატის მიერ არჩეული პოლიტიკოსების, სახელმწიფო ინსტიტუტებისა და პრაქტიკების გამოყენებით და არა კერძო სასახლის ჩრდილიდან.
გრიგოლ გეგელია: “ზოგადად, საქართველოში მუდმივად გვხვდება ძალაუფლების პრობლემა, რაც მოქალაქეების კეთილდღეობას საფრთხის ქვეშ აყენებს. მაგრამ მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ, რა სახის იყო ეს წარსულში და რა სახის არის ახლა. გასული დეკადის განმავლობაში, როდესაც სააკაშვილის ადმინისტრაცია რეგულარულად უგულებელყოფდა დემოკრატიული მმართველობის პრინციპებსა და მოქალაქეების პოლიტიკურ თავისუფლებას, ძალაუფლების პრობლემა ფორმალური ხასიათის იყო. ახლა კი ძალაუფლების პრობლემამ არაფორმალური ხასიათი შეიძინა. ივანიშვილი არ იკავებს არავითარ თანამდებობას, ამდენად, ის აღარ ექვემდებარება დემოკრატიულ კონტროლს, რეალური ძალაუფლება კი მაინც მის ხელში რჩება. შესაბამისად, ახლა ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელსაც განკარგავს აურჩეველი მოქალაქე, ვისაც გააჩნია საკმაოდ სერიოზული ფინანსური შეძლება, ბიზნეს და კორპორატიული ინტერესები და რომელიც დემოკრატიულ კონტროლს მიღმა იმყოფება”.
