ახალი ამბები

ხულოში მერობის კანდიდატს პირადობის მოწმობა „პიანინოზე დარჩა“

19 მაისი, 2019 •
ხულოში მერობის კანდიდატს პირადობის მოწმობა „პიანინოზე დარჩა“

ხულოს #1 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მისულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, ირაკლი ჯორბენაძეს პირადობის მოწმობა სახლში დარჩა.

„პიანინოზე დამრჩა“ – უთხრა მან ჟურნალისტებს. მერობის კანდიდატს რამდენიმე წუთი მოუხდა ლოდინი, სანამ სახლიდან მოწმობას მოუტანდნენ, მანამდე კი ირაკლი ჯორბენაძემ სიაში საკუთარი თავი და მეუღლის მონაცემები გადაამოწმა.

დღეს, 19 მაისს, საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში მერის არჩევნები მიმდინარეობს, მათ შორის ხულოშიც.

ხულოს მერის პოსტი მას შემდეგ გათავისუფლდა, როცა 2018 წლის 18 ოქტომბერს არჩეულმა მერმა გოჩა მელაძემ თანამდებობა დატოვა. მას შემდეგ ხულოს მერის მოვალეობას ვახტანგ ბერიძე ასრულებს. ის „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატია ხულოში.

_______________

ფოტოზე: ირაკლი ჯორბენაძე მეუღლესთან ერთად საარჩევნო უბანზე. ცაგო კახაბერიძის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი