დღეს, 19 მაისს, თბილისსა და რეგიონების ნაწილში არჩევნები იმართება.
თბილისში, პარლამენტის შუალედურ არჩევნებში უნდა აირჩიონ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი. აღნიშნულ ოლქში არჩევნების ჩატარება მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ამ ოლქიდან არჩეულმა მაჟორიტარმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი და გაიმარჯვა.
დღეს ასევე მერებს ირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. ამავე დღეს საკრებულოს შუალედური არჩევნები ტარდება საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში.
წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებული დაძაბულობა იყო ზუგდიდში. აქ მერობისთვის საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსი იბრძვის. მისი კონკურენტი “ქართული ოცნებიდან” გიორგი შენგელიაა. წინასაარჩევნო პერიოდი დატვირთული იყო როგორც სიტყვიერი, ისე – ფიზიკური დაპირისპირებით.
ზუგდიდის #67 საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული 120 837 ამომრჩეველი მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევს. არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს 50%-იანი ბარიერის გადალახვა დასჭირდება.
ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ და მისმა მოადგილემ თანამდებობები ახსნა-განმარტების გარეშე 2018 წლის სექტემბერში დატოვეს. აღნიშნულს წინ უძღოდა რუსთავი 2-ის ჟურნალისტური გამოძება მათ მიერ ქრთამის შესაძლო აღებასთან დაკავშირებით. გადადგომიდან მალევე გოგია და მისი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა.
სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში გოგიამ და გულორდავამ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 21 500 აშშ დოლარი გამოართვეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით ითვალისწინებს. ამ საქმეზე საბოლოო განაჩენი ჯერ გამოტანილი არ არის.