ახალი ამბები

გედევან ფოფხაძე უმრავლესობაში რჩება

7 ნოემბერი, 2014 •
გედევან ფოფხაძე უმრავლესობაში რჩება

 

“მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავრჩე უმრავლესობაში და დავტოვო ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატები. ხაზგასმით ვაცხადებ, რომ “თავისუფალი დემოკრატები” – ეს არის ჩემი მეგობრები, ეს არის ძალიან კარგი და ღირსეული ადამიანები. მე მინდა წარმატება ვუსურვო მათ, წარმატება ვუსურვო ირაკლი ალასანიას, პიროვნებას, რომელიც ჩემი აზრით ქართული პოლიტიკისთვის არის ძალიან ღირებული.


თუმცა  მე მიმაჩნია, რომ ჩემი ადგილი არის უმრავლესობაში. ეს გადაწყვეტილება არის განპირობებული ძალიან ბევრი გარემოებით. მე მქონდა როგორც ძალიან ბევრი არგუმენტი, რომ წავყოლოდი ჩემს მეგობრებს “თავისუფალ დემოკრატებს” და დამეტოვებუნა უმრავლესობა, ასევე ძალიან ბევრი არგუმენტი მქონდა, რომ დავრჩენილიყავი.


არგუმენტები იყო პიროვნული ხასიათის და იყო პოლიტიკურიც.


სხვა შემთხვევაში უნდა მიმეღო ემოციური და დაუფიქრებელი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში მგონია, რომ მე და ჩემი კოლეგები, “თავისუფალი დემოკრატები” ემოციურად დავაშორდით ერთმანეთს. არა ღირებულებებით ან შეხედულებებით, არამედ ემოციურად. ის ემოციური დამოკიდებულება, რაც იყო “თავისუფალ დემოკრატებში” ამ დღეებში, მე არ გადმომედო და ვერ გავიზიარე. ჩავთვალე, რომ საჭირო იყო უფრო მშვიდად, წყნარად დაგვეყენებინა ის მოთხოვნები, რაც ჰქონდა ფრაქციას, რაც ჰქონდა ირაკლი ალასანიას.  ეს მოთხოვნები, ჩემი აზრით, უნდა გაჟღერებულიყო უფრო მშვიდად, უფრო არგუმენტირებულად და ჩვენი მიზანი უნდა ყოფილიყო ის, რომ აპელირება მოგვეხდინა უმრავლესობის დანარჩენ წევრებთან ერთად და მათთან ერთად მიგვეღწია სწორი გადაწყვეტილებისთვის.


მე ალბათ ვერავინ დამადანაშაულებს, ჩემი კოლეგების ჩათვლით, კონფორმიზმში ბოლო 2 წლის მანძილზე, რაც ვარ საქართველოს პარლამენტის წევრი, მქონდა განსხვავებული პოზიცია ხშირად ფრაქციიდანაც, უმრავლესობიდანაც და მქონდა საშუალება ეს განსხვავებული პოზიცია კენჭისყრის დროსაც დამეფიქსირებინა, განხილვის დროსაც დამეფიქსირებინა.


თუ თავისუფალი დემოკრატების მიერ შემოთავაზებული წინადადებები და შეხედულებები იქნება უფრო სწორი, მე მიმაჩნია, რომ აქ არანაირად იქნება გამართლებული  მარტო იმისდა მიხედვით კენჭისყრაში მონაწილეობა და მოქმედება, თუ რომელ გაერთიანებას ეკუთვნი.


მე ვწერ ერთ განცხადებას ფრაქციის სახელზე, გასვლის თაობაზე და მეორე განცხადებას ბატონ დავით საგანელიძის სახელზე,  რომ უმრავლესობაში მოხდეს ჩემი გაწევრიანება”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.


იმ შემთხვევაში, თუ კოალიცია “ქართული ოცნებას” “თავისუფალი დემოკრატების” 7-ზე მეტი წევრი დატოვებდა, ის ვერ შეინარჩუნებდა საპარლამენტო უმრავლესობას

 

“თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია 5 ნოემბერს დატოვეს. 4 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან გადააყენა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერია. მინისტრების პოსტი თავიანთი განცხადებით დატოვეს ალექსი პეტრიაშვილმა, მინისტრმა ევროინტეგრაციის საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.  ალასანიას მინისტრობიდან დათხოვნას წინ უძღვოდა თავდაცვის სამიმინისტროს მაღალჩინოსნების დაკავება, რაც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა  საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესთან ბრძოლად შეაფასა.

მასალების გადაბეჭდვის წესი